ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შეფასების პროცესი დაიწყო. მისიის ფარგლებში, მულტისექტორულად შეფასდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეებზე საქართველოს პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობები.

შეფასების პროგრამა, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა წარადგინეს.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიას განცხადებით, პროცესი 19 ტექნიკური მიმართულებით, სისტემის მზაობის შეფასებას, შემდეგ კი სპეციალური რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს.

მისი განმარტებით, შეფასდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინფექციების კონტროლი, ბიოუსაფრთხოება, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ადამიანური რესურსის მზაობა და სხვა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემების შეფასება და რეკომენდაციები, ქვეყანას, ჯანდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით, პრიორიტეტების განსაზღვრაში, ხარვეზების აღმოფხვრაში, ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დაეხმარება. პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.