DRG-სთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში სამინისტრო საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს და კლინიკებთან უწყების კომუნიკაცია ბევრად საქმიანია. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა განაცხადა. 


მისი თქმით, ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ორი კვირის წინ შედგა და  მასზე საუბარი ძირითადად ორ საკითხს - რეანიმაციის დაფინანსებასა და გაერთიანებულ კოდებს შეეხო. შედეგად კლინიკები ამზადებენ წინადადებებს, რომლებსაც უწყებას მიმდინარე კვირაში წარუდგენენ, რის შემდეგაც სამუშაო პროცესის მომდევნო ეტაპები დაიგეგმება. 


შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა DRG- საკითხებთან დაკავშირებით კლინიკურ სექტორთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე  სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. თუმცა კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს ხედვა, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის.

სარჯველაძის განცხადების თანახმად,  პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.