გამჭვირვალობის პრინციპი, პოლიტიკურის გარდა, სხვა სფეროებშიც აქტუალურია. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები სწორედ გამჭვირვალობისა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების საფუძველზე ავითარებენ ინსტიტუტებსა და ამა თუ იმ სექტორს. გამონაკლისი არც ჯანდაცვაა, რომელიც სხვადასხვა სფეროებს შორის ყველაზე მეტად რეგულირებადია.
ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ჯანდაცვის სექტორში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ე.წ. სანშაინის კანონია. საინტერესოა, რომ ამ კაონონის საქართველოში ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარშვილმა გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში და აღნიშნა, რომ შესაბამის პროექტზე მუშაობა დაწყებულია.
„დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
კანონი, რომელზეც აზარაშვილი საუბრობს, აშშ-ში 2013 წლიდან მუშაობს და ვრცელდება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ექიმებზე. ის ავალდებულებს ფარმაცევტულ კომპანიებს, ასევე სამედიცინო აპარატურის მწარმოებლებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან არსებული ფინანსური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას. კანონის თანახმად, თავად ექიმები ასევე ვალდებულნი არიან, გახსნან ინფორმაცია კომპანიებისგან მიღებული თანხების შესახებ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მონაცემების საჯარო ბაზა, სადაც თითოეულ პაციენტს შეუძლია ნახოს, რა თანხას უხდიან მის მკურნალ ექიმს ფარმაცევტული კომპანიები.
ამ ეტაპზე შესაბამის საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სხვადასხვა გადახდებისა და კომპენსაციების შესახებ, რომლის მოცულობაც 10 მილიარდ დოლარს აღწევს.
ასევე ქვეყნდება იმ ფარმკომპანიების რეიტინგი, რომლებმაც ექიმებს ყველაზე მეტი თანხა გადაუხადეს. გასაჯაროვებულია იმ საავადმყოფოებისა და ექიმების სია, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხები მიიღეს.
თუმცა კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა იშვიათად იკვეთება, რადგან ამისთვის საჭიროა დანაშაულებრივი განზრახვის დადასტურება.
მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. მაგალითად ავსტრალია იყო ერთერთი პირველი ქვეყანა, სადაც, 2007 წლიდან, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილია დეტალური ინფორმაციის წარდგენა თითოეულ ღონისძიებაზე, რომელსაც დარგი აფინანსებს. მონაცემები ღია წყაროებზე ქვეყნდება და ყოველ 6 თვეში ერთხელ ახლდება.
ნიდერლანდებში Transparantieregister Zorg-ი 2013 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული ან სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადასახდელი თანხა 500 ევროს აღემატება.
2011 წელს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევროპულმა ასოციაციამ მიიღო ქცევის კოდექსი, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, გაასაჯაროვონ ექიმების წახალისებისთვის გაწეული ხარჯები.
საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამჟამად განხილვად, „გამჭვირვალობის“ კანონპროექტსა და ჯანდაცვის სექტორის გამჭვირვალობას შორის კავშირი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ორივეში გამჭვირვალობაზეა საუბარი, რადგან მთავარია კონტექსტი, რომელშიც ეს ორი კანონი უნდა განვიხილოთ.
კერძოდ, მისი თქმით, „სანშაინის“ კანონი უცხო დაფინანსებაზე არ აკეთებს აქცენტს და ნებისმიერი გადახდის გამჭვირვალობას მოითხოვს. განსხვავებულია მისი მიზანიც, რომელიც პაციენტზეა ორიენტირებული.
„ნებისმიერი კანონის შეფასების დროს მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც ისინი განიხილება. „სანშაინის“ შემთხვევაში საუბარია სექტორზე, რომელიც ყველაზე რეგულირებადია, რადგან ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება. „სანშაინის“ კანონის მიზანია, ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების ურთიერთობამ გავლენა არ მოახდინოს ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულებაზე ანუ არ დააზარალოს პაციენტების ინტერესები. მიზანია მინიმიზებულ იქნას კომპანიების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებსა და ექიმებზე არაეთიკური გავლენა. მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ხარჯები, რომლებსაც კომპანია სწევს სამედიცინო სფეროს პერსონალზე ან დაწესებულებაზე. თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს ექიმებისა და კლინიკების დისკრედიტაცია, რადგან მკურნალობის პროცესში ექიმისადმი პაციენტის ნდომა უმნიშვნელოვანესია. ექიმის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია სხვადასხვა კონგრესსა და კონფერენციაში მონაწილეობა, მათ შორის - უცხოეთში. ეს თანხები და მათი მიზნობრიობა დეკლარირებული უნდა იყოს, რათა იყოს მონაცემები იმის შესახებ, რომ მაგალითად, ხომ არ მიიღო ექიმმა კონფერენციაზე ყოფნისას დაფინანსება დამატებითი სერვისებში, რაც ფუფუნებაა და არ უკავშირდება ღონისძიებების საჭიროებებს,“ - განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.
ის ამბობს იმასაც, რომ „სანშაინის“ კანონი ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს გამჭვირვალობას, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაში ინფორმაციის გასაჯაროვების სხვადასხვა დონე არსებობს. საქართველოს შემთხვევაში მარგველაშვილისთვის მისაღებია კანონის ის ვარიანტი, როდესაც ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა ხელმისაწვდომი, რადგან საყოველთაო გამჭვირვალობამ, შესაძლოა, ექიმების დისკრედიაცია და მათ მიმართ ნდობის შემცირება გამოიწვიოს. ეს კი პაციენტის ინტერესებში არ შედის. რაც შეეხება იმას, ითვალისწინებს თუ არა კანონი სანქციებს, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი არაა და კანონის პრინციპი შემდეგშია: ცნობები ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის ფინასნსურ ურთიერთობებზე გამჭვირვალეა და თუკი გარკვეულ მომენტში ექიმის მიმართ ჩნდება ეჭვები ან კითხვები ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება როგორც დამატებითი მექანიზმი იმის დასადგენად, ექიმი კონკრეტული კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე წერდა წამალს თუ წმინდა პროფესიონალური შეხედულებით. „სანშაინის“ კანონი, თავისთავად, არანაირ სანქციას არ ითვალისწინებს.
ამასთან, ირაკლი მარგველაშვილი ხაზს უსვამს, რომ ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანიებს ისედაც აქვთ მედპერსოალთან ურთიერთობის სტანდარტები და ეთიკის კოდექსი, კანონი უფრო სხვა კომპანიების შემთხვევაშია აქტუალური.
„ფარმაცევტულ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო კოდექსები გვეუბნება, რომ დაუშვებელია, ფარმაცევტული კომპანიების მიერ პირდაპირმა ან არაპირდაპირმა დაფინანსებამ გავლენა იქონიოს ექიმის დანიშნულებაზე. აქ თანხის წარმოშობის წყარო არაა მნიშვნელოვანი. რაც უფრო კვალიფიციურია ექიმი, ცხადია, მით უფრო მეტ კონფერენციასა და კონგრესში უნდა იღებდეს მონაწილეობას და ამას სრულიად ლოგიკურად აფინანსებენ კერძო კომპანიები. თუმცა როცა ექიმები ფოტოებს აქვეყნებენ, თუ როგორ ისვენებენ ასეთი კონგრესების დროს ოჯახთან ერთად რომელიღაც კურორტზე, ეს მიუღებელია და სწორედ ამაზე საუბარი „სანშაინის“ კანონში და არა შეზღუდვაზე ან აკრძალვაზე,“ - განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.
მისი თქმით, ეს კანონი უნდა იყოს არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც სხვა კანონებთან ერთად, უზრუნველყოფს ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას. ამ მიდგომას კი ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიპრაგმაზიის ანუ ჭარბი არასაჭირო მედიკამენტების მოხმარების შემცირებისთვის, რაც მსოფლიო მასშტაბით მოხმარებული პრეპარატების 30%-ს შეადგენს. ეს კი დიდი პრობლემაა, მათ შორის საქართველოშიც.
ამასთან, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რომ ქვეყანაში, რაიმე დონეზე მიმდინარეობდეს „სანშაინის“ კანონპროექტზე მუშაობა ან მსჯელობა.
jandacva.ge