ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ი ლონდონში, კვლევითი ცენტრის მშენებლობას აჩერებს. 
ლონდონის ცენტრში ლაბორატორიების მშენებლობა უკვე დაწყებული იყო და ცენტრის გახსნა  2027 წელს იგეგმებოდა, თუმცა ორიოდე დღის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტიდან გასვლას აპირებს.
მდგომარეობას ართულებს ის, რომ მანამდე, ქვეყნის უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ უარი თქვა დიდ ბრიტანეთში ვაქცინების წარმოების ახალი ქარხნის მშენებლობაზე. 


თავის განცხადებაში Merck-ი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში (ბიოლოგია, ბიოქიმია, გენეტიკა, ნეირომეცნიერება, ფიზიოლოგია, მედიცინა...) ინვესტიციების ნაკლებობას.  გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია ის გარემოება, რომ დიდ ბრიტანეთში მთავრობების ცვალებადობის პირობებში ინოვაციური მედიკამენტებისა და ვაქცინების მნიშვნელობა სათანადოდ დაფასებული არაა. 


ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, კომპანიამ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა საბაჟო გადასახადის გაზრდის და სხვა საფრთხეები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკიდან მომდინარეობს. ამ გზით, როგორც ცნობილია, ტრამპს შტატებში რაც შეიძლება მეტი საწარმოს დაბრუნება სურს. 


დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანიები მთავრობასთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმასთან დაკავშირებით, კომპანიების შემოსავლების რა ნაწილი უნდა წასულიყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩიხში შევიდა და არანაირი შედეგი არ მოუტანია.

ასეთ პირობებში ბრიტანეთის ფარმაცევტული ინდუსტრიის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის რეიტინგი სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ 2017 წლის მეორე ადგილიდან 2023 წელს მეშვიდე ადგილზე დაეცა.

„დიდი ბრიტანეთი სულ უფრო ხშირად გამოირიცხება განხილვებიდან, როგორც პერსპექტიული ადგილი ფარმაცევტული ინვესტიციებისთვის“, - თქვა მან.

რაც შეეხება ტრამპის პოლიტიკას, რომელიც ბრიტანეთზე და ევროკავშირზე სავაჭრო ზეწოლას აძლიერებს, ამერიკის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩასვლას მომდევნო კვირაში გეგმავს. 
იგივე თემას აშუქებს The Ghuardian-ი. გამოცემის თანახმად, Merck-ის გადაწყვეტილების შემდეგ, უარი თქვას მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საინვესტიციო პროექტზე, ცნობილი მეცნიერი ჯონ ბელი აცხადებს, რომ სხვა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებიც შეწყვეტენ ინვესტიციების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში.
ბელმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა და შეიტყო, რომ ისინი აღარ აპირებენ დიდ ბრიტანეთში ინვესტიციების განხორციელებას.
მისივე თქმით, დიდი პრობლემაა ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა მედიკამენტებზე ხარჯავს.
„ათი წლის წინ, ჩვენ ჩვენი ჯანდაცვის ხარჯების 15%-ს ფარმაცევტულ პროდუქტებზე ვხარჯავდით. ახლა ეს 9%-ია. დანარჩენი მსოფლიო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, 14%-დან 20%-მდე ხარჯავს“, - დასძინა მან.

ბელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს აქვს შესანიშნავი მეცნიერება და „შესანიშნავი ბიოტექნოლოგიური კომპანიები“ და ინფრასტრუქტურა, რომელიც დაფინანსებულია მთავრობის მიერ, „მაგრამ დიდი კომპანიების გარეშე ეს არ იმუშავებს“.


მისი თქმით, თუ კომპანიებს არ შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის აქ გაყიდვა, ისინი წავლენ და სხვაგან განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.