თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, ქემალ მიმისოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ჯანდაცვის სფეროში, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთთან პარტნიორობით ჯანდაცვის სექტორში არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, წამყვან კლინიკაში სახელმწიფოს დაფინანსებით მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, საქართველო თურქეთიდან მედიკამენტებს დაბალ ფასად იღებს.
რამდენიმე თვის წინ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ TIKA, „ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალს“ მობილური კლინიკა გადასცა.