ერთ წელიწადში საავადმყოფოების მომსახურება დაახლოებით 27%-თაა გაძვირებული. ასეთია საქსტატის მონაცემები, რომლებიც სექტემბრის მაჩვენებელს ასახავს. თვიურ ჭრილში ამ მიმართულებით ფასების 0,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 


რაც შეეხება სხვა სერვისებს, თერაპევტის კონსულტაცია წლიურ ჭრილში 13%-ით გაძვირდა, ექოსკანირება 7%-თაა გაძვირებული, კბილის ამოღება ასევე 7%-ით, დაბჟენა კი 2%-ით.

შეგახსენებთ: 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.


სააგენტო ეყრდნობა საქსტატის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.


უწყების ცნობით, ბაზრის მონიტორინგი  ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.