მსოფლიოში სკოლის ასაკის ბავშვებში ჭარბწონიანობამ წონის ნაკლებობას გადააჭარბა - ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი მონაცემები. მიზეზი არაჯანსაღი კვებაა. ესაა პრობლემა, რომელიც საქართველოშიც წლებია აქტუალურია. ამ თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ კვების ფაქტორს არასათანადო ფიზიკური აქტივობაც ემატება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ჭარბი წონის მაჩვენებელი 28 %-ია.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, 
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სკოლის ასაკის ბავშვი ყოველდღე მინიმუმ ერთი საათი მაინც  უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული.

„ეს არ ეხება აქტიურობის ზეგავლენას მხოლოდ ერთ რომელიმე კომპონენტზე. ესაა უნივერსალური ზეგავლენა. გულთან, ფილტვებთან, იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების უკან შეზღუდული და ლიმიტირებული ფიზიკური აქტივობა დგას. 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ერთი საათია. ფიზიკური აქტივობა ორ სხვადასხვა ტიპად იყოფა - მსუბუქად და ინტენსიურად. მსუბუქი აქტივობის სახეობაა, თუ მაგალითად, ბავშვს სკოლაში ფეხით გაუშვებთ. უფრო მეტად მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი ინტენსიური აქტივობა. ესეც უნდა იყოს კვირაში ერთი საათის განმავლობაში არაუმცირეს ერთი დღისა,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მოამბესთან“ საუბარში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე ამბობს, ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის მონაცემები დამამშვიდებელი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიმსუქნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო გვაქვს.


„ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნე მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპის რეგიონში იზრდება. საქართველოში არის შუალედური მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ საყურადღებოა. როდესაც ჩვენ გვაქვს ე.წ. ობეზოგენური გარემო, ანუ სიმსუქნის წარმომშობი გარემო, როდესაც არ გვაქვს ფიზიკური აქტივობის და ჯანსაღი კვების სახელმწიფო სტრატეგიები სიმსუქნის პრევენციის მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ ეს ციფრები საერთოდ არ არის დამამშვიდებელი,“ - აღნიშნა ღვინიანიძემ. 

ცნობისთვის: ობეზოგენური გარემო ნიშნავს ცხოვრების პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბ წონას ან სიმსუქნეს. 

ობეზოგენური ფაქტორების მაგალითებია: სწრაფი კვების პროდუქტების ფართოდ ხელმისაწვდომობა და პოპულარობა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მაგ. ბევრი დრო კომპიუტერთან ან ტელევიზორთან), სარეკლამო სტრატეგიები, რომლებიც არწმუნებს ხალხს არაჯანსაღი საკვების მიღებაში, ურბანული გარემო, სადაც ნაკლებია სეირნობის, ველოსიპედის ტარებისა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა.