ინგლისში მედიკამენტების დეფიციტი კრიტიკულ დონეს აღწევს, რაც პაციენტებს ახლო მომავალში პრობლემებსა და ლეტალურ საფრთხესაც კი უქმნის.

როგორც „გარდიანი“ წერს, სიტუაცია იმ დონემდე სერიოზულადაა, რომ პაციენტებს რიგ შემთხვევებში რეცეპტის მხოლოდ ნაწილს უწერენ, მედიკამენტების ნაწილის წასაღებად მისვლას კი მოგვიანებით სთხოვენ.
Community Pharmacy England-ის მონაცემებით, ასობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა ამ ეტაპზე რთული ან შეუძლებელია. მათივე თქმით, ფართომასშტაბიანი და ზოგ შემთხვევაში გრძელვადიანი დეფიციტი ქმნის უშუალო რისკს პაციენტებისთვის. 

„წამლების მიწოდების კუთხით არსებული პრობლემები, რომლებსაც საზოგადოებრივი აფთიაქები და მათი პაციენტები აწყდებიან, უკვე კრიტიკულ ზღვარს სცდება,“ - განაცხადა Community Pharmacy England-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 


მისი თქმით, ფართო სპექტრის კლინიკური და თერაპევტული საჭიროებების მქონე პაციენტები ყოველდღიურად ზარალდებიან. ეს კი, მისივე შეფასებით, უხერხულობის ფარგლებს სცდება და მათ იმედგაცრუებასა და შფოთვას იწვევს, რაც მათ ჯანმრთელობაზეც აისახება. შედეგად, პაციენტების ნაწილს გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მოხვედრა ემუქრება. 

ბოლო თვეებში ხელმიუწვდომელი გახდა დიაბეტი ტიპი ორისა და ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები. გასულ წელს იყო ადრენალინისა და ანტიბიოტიკების არასაკმარისი რაოდენობა.

ინგლისის დარგობრივი ასოციაციის პოზიციაა, რომ საბითუმო მოვაჭრეები და მიმწოდებლები უფრო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მედიკამენტების სტაბილური მიწოდება. 

ასოციაციის გამოკითხვის თანახმად, აფთიაქების თანამშრომელთა 79% მედიკამენტების დეფიციტში პაციენტებისთვის საფრთხეებს ხედავს.

91% აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით პრობლემები მნიშვნელოვნად გაღრმავდა. 

აფთიაქების თანამშრომელთა 99% კი ამბობს, რომ პრეპარატების დეფიციტი მინიმუმ ყოველკვირეულად ფიქსირდება, 72% კი ამ პრობლემის წინაშე დღეში რამდენჯერმე დგება. 

პრობლემას ქმნის ისიც, რომ უკმაყოფილო პაციენტები აგრესიას ფარმაცევტების მიმართ გამოხატავენ. 
ექსპერტები მედიკამენტების სიმცირეს მიწოდებისა და წარმოების გლობალურ პრობლემებს უკავშირებენ. ამასთან, ბრიტანეთის შემთხვევაში, თავისი როლი შეასრულა დაბალმა ფასებმა, რამაც ქვეყანა მწარმოებლებისთვის არამიმზიდველი გახადა. ეს კი მიწოდების ჯაჭვს არღვევს.