მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების პროცესის ინტენსივობა შენელდა და პროცესი უფრო ხანგრძლივი გახდა, რაც დადებითი მოვლენაა. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს. 


რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ბოლოს 2 მაისს განახლდა, მანამდე კი თითქმის ორი თვის განმავლობაში არ განახლებულა. 

ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ ახალ სიაში დაფიქსირდა გასაჩივრებულ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროს სპეცუალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.  მისივე თქმით, ბევრ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიების არგუმენტირებული საჩივრები დაკმაყოფილდა და ფასიც შესაბამისად განისაზღვრა. 
ამ ეტაპზე ჩამონათვალში 7 ათასზე მეტი მედიკამენტია.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ საკითხში გადაწყვეტილებების მიღების ტემპებს, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ეს პროცესი შენელდა, რაც დადებითი მოვლენაა და სამინისტროს მხრიდან მეტ გახსნილობას ადასტურებს. 


„სამინისტროს უფრო ლაბილური პოლიტიკა აქვს. დიალოგი უფრო ღია გახდა. პროცესი, კარგი გაგებით, შენელდა, ის კიდევ უფრო დასახვეწია მეთოდოლოგიისა და სხვა მიმართულებით. რეფერენტული ფასების დამდგენ კომისიას ადრე ხელმძღვანელობისგან გარკვეული დედლაინები ჰქონდა დაწესებული, რაც ახლა მოხსნილია,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. 

რეფერენტული ფასების დანერგვის დაწყების შემდეგ აღნიშნულმა რეფორმამ კერძო სექტორის მხრიდან არაერთი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, ფასების დაწესების შესახებ ინფორმაცია მათ 2-3 თვით ადრე მიეღონ და არა მხოლოდ ერთი თვით ადრე, რაც მოქმედი პრაქტიკით ხდება.

„კარგი იქნება, თუ სამინისტროს გეგმა წლის დასაწყისში გამოქვეყნდება, მაგრამ თუნდაც 2-3 თვიანი ვადა რომ ჰქონდეს სექტორს, ის მოასწრებდა ახალ ფასებზე გადაწყობას და მომზადებას,“ - აცხადებდა ირაკლი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ დაიწყო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალური ზღვრის დადგენა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდა.

jandacva.ge