სკრინინგის პროგრამაში ჩართული ადამიანების რაოდენობა 2024 წელს უმნიშვნელოდ გაიზარდა, მაგრამ ეს მოცულობა შორსაა სამიზნე მაჩვენებლისგან, რომლის მიღწევა  აუცილებელია ეფექტის მიღებისთვის.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე საუბრისას განაცხადა.

„2024 წელს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა სკრინინგის მოცვა, მაგრამ ეს ბევრად შორსაა იმისგან, რაც შეიძლება ეფექტურობის ნორმალურ მაჩვენებლად ჩავთვალოთ. უნდა იყოს 60-65 პროცენტი, რომ სამიზნე მაჩვენებელი მიღწეულად ჩაითვალოს და სკრინინგის პროგრამას ეფექტი ჰქონდეს. დღეს ეს დაახლოებით 10-15 %-მდე მიდამოებშია. ეს არ არის კარგი მაჩვენებელი და მოითხოვს გაუმჯობესებას,“- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ქვეყანამ 1 და 2 წელიწადში სამიზნე მაჩვენებელს მიაღწიოს და სამინისტროს გეგმები უკავშირდება მაჩვენებლების ეტაპობრივ გაზრდას, რათა ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში დავუახლოვდეთ სამიზნე მაჩვენებელს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებითვე, საქართველოს ნაკლებად აქვს მექანიზმები, რომლებიც სკრინინგში ადამიანების ჩართვის სტიმულირებას ახდენს. მინისტრმა გაიხსენა სხვადასხვა სახლემწიფოში არსებული პრაქტიკა, როცა მოქალაქეებს გარკვეულ შეღავათებზე, მათ შორის კი სამედიცინო სერვისების დაფინანსებაზე წვდომის წინაპირობას სწორედ სკრინინგში მონაწილეობა წარმოადგენს.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჩვენთან ასეთი მკაცრი პირობა არ არსებობს, თუმცა სამომავლოთ გარკვეული სახის სტიმულირებაზე ფიქრი მოგვიწევს, რათა ადამიანები წახლისდნენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სკრინინგულ პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.