ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ინგლისურენოვანი ფაკულტეტი გაიხსნება. 

საბაკალავრო პროგრამა 2025-2026 აკადემიური წლიდან, ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება. პროგრამა სტუდენტებს ამზადებს სამედიცინო სფეროს კარიერისთვის (როგორც პრაქტიკულ ისე სამეცნიერო სფეროში).

პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს - როგორც KIU-ს, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები. 

2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კიდევ ერთი ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის - „დიზაინი“ განხორციელებას იწყებს. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.  უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.