2024 წლის მონაცემებით, ჰაერის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა დამტკიცებული, მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს. სტანდარტები ეფუძნება ჰაერში მტვრის, აზოტის დიოქსიდის და სხვა ნივთიერებების შემცველობას.

კვლევა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შვეიცარიულმა კომპანიამ  IQAir-მა ჩაატარა.

ყველაზე უსაფრთხო ჰაერის მქონე ქვეყნების შვიდეული ასეთია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, გრენადა, ესტონეთი და ისლანდია. 

ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნებად კი ჩადი, ბანგლადეში, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ინდოეთი დასახელდა. აქ ჰაერში PM2.5-ის შემცველობა 10-ჯერ და მეტად აღემატება დასაშვებ ზღვარს.  PM2.5 - ესაა ჰაერში არსებული ნაწილაკები, რომლებიც სხვადასხვა ნაერთებისგან შედგება, მათ შორისაა მტვერი, კვამლი, ქიმიკატები, სამრეწველო და ავტოსატრანსპორტო გამონაბოლქვი.

ექიმები ამბობენ, რომ PM2.5-ის უსაფრთხო დონე არ არსებობს, რომელიც თავიდან აგვარიდებდა საშიში ნივთიერების სისხლში ან ფილტვებში მოხვედრას და შინაგანი ორგანოების დაზიანებას.  თუმცა სპეციალისტებმა გამოთვალეს ისიც, რომ ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი არსებული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, რადგან დაბინძურებული ჰაერი გარდაცვალების მეორე ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულებები, რომლებიც შესაძლოა ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდეს, მაღალი წნევა და სიმსივნეა.

„ჰაერის დაბინძურება დაუყოვნებლივ არ გვკლავს - შესაძლოა, გავიდეს 2-3 ათწლეული, ვიდრე ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ ფაქტორის გავლენას დავინახავთ, თუ ძალიან ექსტრემალურ პირობებთან არ გვაქვს საქმე,“- განაცხადა IQAir-ის გენერალურმა დირექტორმა ფრენკ ჰემესმა. მისი თქმით, აუცილებელია, ადამიანებმა თავიდან აირიდონ დაბინძურებულ ჰაერზე ყოფნა. 


სპეციალისტების განცხადებით, მთავრობებს შეუძლიათ გარკვეული ზომების გატარება ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ამ ზომებს შორისაა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება, მათ შორის ტრანსპორტის, ქვეითებისა და ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობის ნარჩენების დაწვის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს, ის კვლევაში არ ფიგურირებს, IQAir-ის საიტზე არსებული მიმდინარე მაჩვენებლებით კი ჰაერის PM2.5-ით დაბინძურება შეფასებულია, როგორც საშუალო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სუფთა ჰაერი, აღნიშნული საიტის მაჩვენებლებით, ამ მომენტში ზემო სვანეთშია.