მას შემდეგ, რაც ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მთავარი კითხვა, რომელსაც დღევანდელ დღემდე პასუხი არ ჰქონდა გაცემული, იყო ის, გაგრძელდება თუ არა ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმები.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. მაშინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესებით დაასაბუთა.


 მანამდე კი  ირაკლი კობახიძემ განაცხადა აზარაშვილის მიერ რესპუბლიკურ კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შეჩერებისა და კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. 
ზურაბ აზარაშვილმა გუშინ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის მისი საქმიანობის პერიოდში არსებულ პრობლემებსა და სისტემის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მისი ვრცელი პოსტიდან:

„იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი - მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები“. სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი - პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.“


„ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა. 

წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება.“


"ფეისბუქზე" დაფიქსირებული პოზიციის საფუძველზე ოპონენტებმა გამოთქვეს  მოსაზრებები, რომ აზარაშვილი მის წინამორბედ მინისტრებსა და ახლანდელ პრემიერს დაუპირისპირდა. თუმცა დღეს, პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებებმა გააქარწყლეს ასეთი ინტერპრეტაციების შესაძლებლობა. მათ ცალსახად განმარტეს, რომ მინისტრის თანამდებობიდან წასვლა არანაირ კავშირში არაა სფეროს რეფორმებთან და ის კონკრეტულ საკითხს უკავშირდებოდა.

რაც მთავარია - ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის გაკონტროლებისა და  ფასების რეგულაციების, ასევე სხვა მიმართულებით დაწყებული რეფორმები კიდევ უფრო გაძლიერდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ დამსახურებებისთვის, რომლებიც, პრემიერის შეფასებით, აზარაშვილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში აქვს.

„რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში და  ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც არის დაწყებული. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურაბ აზარაშვილმა, როცა ის იყო ჯანდაცვის მინისტრი და მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს მამუკა მდინარაძემაც, რომლის თქმითაც  ზურაბ აზარაშვილმა შეძლო კარგი რეფორმების გატარება მიუხედავად მსხვილი და გავლენიანი ბიზნეს-ინტერესებისა.


აზარაშვილის პერიოდში დაწყებული რეფორმები რომ უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს, ამაზე სფეროს ექსპერტებიც საუბრობენ. თენგიზ ვერულავას თქმით, ზურაბ აზარაშვილი იყო მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან განახორციელა რეფორმები, რომელთა დაწყება ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერცერთმა მინისტრმა ვერ გაბედა.

"ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამ ხანმოკლე 2 წლის განმავლობაში შეძლო 2 ძალიან გაბედული ნაბიჯის გადადგმა: 1. ფარმაციის ინდუსტრიის რეგულირების, მედიკამენტებზე ე.წ. რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის შემოღება, და 2. DRG დაფინანსების სისტემის დანერგვა. ორივე რეფორმის უმთავრესი მიზანია პაციენტის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო სერვისებზე. ფარმაციის წლობით დაურეგულირებელი ბაზრის შედეგად მედიკამენტების ფასები საქართველოში მნიშვნელოვნად აღემატებოდა ევროპის ქვეყნებში ან თურქეთში არსებულ ფასებს. რეფორმის შედეგად სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად, ზოგის კი 40%-თაც შემცირდა. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილი იყო ძვირადღირებული ინოვაციური მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ პირდაპირი შესყიდვა ფარმაცევტული მწარმოებლისგან, შუამავლების გარეშე, რაც ასევე გაზრდიდა პაციენტის ხელმისაწვდომობას აუცილებელ, მაგრამ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე. DRG დაფინანსების სისტემის დანერგვით დარეგულირდა სამედიცინო ნოზოლოგიების სტანდარტების ფასები, კერძოდ პაციენტების თანაგადახდები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტის ჯიბიდან გადახდების მოცულობა DRG-ით განსაზღვრულ ნოზოლოგიებზე. ვისურვებდი, რომ ახალმა მინისტრმა ეს რეფორმები გააგრძელოს და გააღრმავოს, რადგან როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან პირდაპირი გადახდების შემცირება, პაციენტების ინტერესებში შედის,"- აცხადებს ვერულავა.


იმაზე, რომ ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი რეფორმები გაგრძელდება, მიუთითებს კონკურენციის სააგენტოს მიერ დასრულებული და მიმდინარე საქმეებიც. თებერვლის დასაწყისში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.


თემა ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეკემბერში გასაჯაროებულ საქმეს, როცა უწყებამ განაცხადა, რომ კომპანიები 20 მედიკამენტს მაღალი - 300%-დან 3000%-მდე ფასნამატით ყიდდნენ. კვლევის შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს კი კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. სააგენტო ამ კომპანიების მიერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების დაწესების საკითხს 9 თვის განმავლობაში იკვლევდა. 
შედეგად, 4 კომპანია - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ოთხივე კომპანიას სააგენტოს ეს გადაწყვეტილება  სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.