ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-ით ინფიცირების შემთხვევები ისევ იზრდება, თუმცა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, პროფესორი ფაუჩი „ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის“ ახალ ცუნამს არ ელოდება.

როგორც ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, მოსახლეობის იმუნიტეტის დონის გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გამო, რომ ადამიანები უკვე იყვნენ დაინფიცირებულები, აცრილები და მათ აქვთ ჰიბრიდული იმუნიტეტი, იმის შესაძლებლობა, რომ იქნება დაავდებებისა და ჰოსპიტალიზაციის ტალღა, ძალიან დაბალია.

მისი თქმით, მართალია, შეშფოთებული არ არის შემთხვევების ზრდით, თუმცა ის ვითარებას თვალს ადევნებს. 
„არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ეს ხდება, და რადგანაც ახლა ზაფხულის დასასრულია, სრულიად შესაძლებელია, ეს გაიზრდება შემოდგომისა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ფაუჩიმ. 


მან ასევე აღნიშნა, რომ Covid-19-ის მომდევნო ბუსტერი, რომელიც ამერიკის მარეგულირებელმა უახლოეს ხანებში უნდა დაამტკიცოს, იქნება ეფექტიანი ინსტრუმენტი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, რადგან ის შეესაბამება ვირუსების იმ ტიპებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს.

მსოფლიოში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე შეფასებები კეთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც, სადაც ამბობენ, რომ კორონავირუსის შტამი EG.5 D-19 „აღმასვლის“ ეტაპზე იმყოფება, ორგანიზაციის შეშფოთებას კი ის გარემოება იწვევს, რომ აღნიშნული ვარიანტი არ განდევნის სხვა მოცირკულირე შტამებს. 


ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ზამთრის წინა პერიოდში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შეინიშნება „შემაშფოთებელი ტენდენციები.“ მისი მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში იზრდება გარდაცვალების მაჩვენებელი, ევროპაში კი მატულობს პაციენტების მიმართვიანობის სტატისტიკა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში აღნიშნული შტამის სიმპტომებით. 

გებრეიესუსის თქმით, ერთერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი რისკჯგუფში შემავალ ადამიანებში, რომლებსაც ბოლო პერიოდში არცერთი დოზა ვაქცინა არ გაუკეთებიათ.