გერმანიაში უცხოეთიდან ჩასული ექიმების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ქვეყნის სამედიცინო ასოციაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე გერმანიაში 60 ათასამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ექიმი მუშაობს, რომლებიც ქვეყნის მთელი ჯანდაცვის სისტემის 12%-ს შეადგენენ.
მათი დიდი ნაწილი, თავის მხრივ, სხვა ევროპული ქვეყნებიდან ან ახლო აღმოსავლეთიდანაა. 6120 ექიმი სირიიდანაა, ისინი უცხოელ ექიმებს შორის ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენენ. შემდეგ მოდიან რუმინელები (4668 ექიმი), ავსტრიელები 3 ათასამდე მედიკოსით, ბერძნები, რუსები და თურქები.
ვიდრე უცხოელი სპეციალისტები გერმანიის საავადმყოფოებში დაიწყებენ მუშაობას, მათ უნდა გაიარონ დადასტურების პროცედურები, რაც ორი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. ამით მათ უნდა დაადასტურონ, რომ ფლობენ გერმანულ ენას როგორც ზოგად დონეზე, ისე მათი პროფესიისთვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე.
გერმანიაში ბევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მუშაობის მსურველ ექიმებს მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ და მათი დასაქმების პროცესი გამარტივდეს. მათი მოსაზრებით, ასეთი მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ზარალი მიადგება. ექსპერტების თქმით, ექიმები უნდა განიხილებოდნენ არა როგორც იაფი მუშახელი, არამედ უნდა მოხდეს მათი სწრაფი და ეფექტიანი ინტეგრაცია სისტემაში.
გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ექიმების საკმარისი რაოდენობაა - 4,53 ექიმი ათას კაცზე. თუმცა ეს რიცხვი სწრაფად მცირდება.
პროგნოზების თანახმად, გერმანია, რომლის მოსახლეობაც ბერდება, სულ უფრო მეტი სამედიცინო სერვისის საჭიროების წინაშე დადგება და ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მედპერსონალის დეფიციტი შეიქმნება.
ამასთან, რადგან სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რაოდენობა პენსიაზე გასული ექიმების რიცხვზე ნაკლებია, პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა უცხოეთიდან კადრების დასაქმებაზე გადის.
გერმანია მხოლოდ საბაზისო სამედიცინო განათლებას აღიარებს. თუ სპეციალისტს ამ ქვეყანაში დასაქმება სურს, მან სპეციალური მომზადების კურსები უნდა გაიაროს.