საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ოლიმპიური თამაშების წინ დენგეს ცხელების გავრცელების საშიშროებაა. მათი თქმით, ამის ალბათობას ზრდის ამერიკაში ვირუსის აფეთქება, რის შედეგადაც ვირუსის მატარებელი არაერთი ადამიანი საფრანგეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის მონაცემებით, ამერიკაში დენგეს ცხელების 5,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამასთან, ბევრი ქვეყანა მასშტაბური ეპიდემიის წინაშე დგას.

დენგე - ესაა ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დაინფიცირებული კოღოს კბენის შემდეგ ხვდება. მართალია, ბევრ შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვირუსმა შესაძლოა პაციენტის დამძიმება და გარდაცვალება გამოიწვიოს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევებმა უკვე იმატა, რისი მიზეზიც ამერიკაში არსებული უპრეცედენტო სიტუაციაა. 

საფრანგეთში უვე დადასტურდა 2 ათასამდე შეტანილი შემთხვევა. გასული წლის იგივე პერიოდში კი ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ 131 ფაქტი იყო აღრიცხული.  
საფრანგეთის ხელისუფლება სამეციდინო სფეროს წარმომადგენლებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ევროპაში სულ უფრო გაიზარდა ვეფხვის კოღოს გავრცელების არეალი, რაც დენგეს ცირკულაციის საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სრულადაა მობილიზებული და მზადაა ნებისმიერ შესაძლო საფრთხეზე საპასუხოდ ოლიმპიური თამაშების პერიოდში. 
ხელისუფლების თქმით, დენგეს აქტიური გავრცელების არეალებში გადაადგილებისას ადამიანებმა უნდა ატარონ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც ფარავს კანს. რეკომენდაციებს შორისაა კოღოს კბენისგან თავის დაცვა შესაბამისი სითხეებისა და ბადეების საშუალებით.

დენგეს, დაავადების სიმპტომური მიმდინარეობის შემთხვევაში, ახასიათებს  მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ტკივილი მთელს სხეულში, გამონაყარი და გულისრევა. 

პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა ერთ კვირაში უმჯობესდება, თუმცა მათ ნაწილს მძიმე ფორმა უვითარდება და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ასეთ შემთხვევაში დენგეს ცხელებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები ჩატარდება 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე და 2024 წლის 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე.

euronews.com-ის ინფორმაცია