2023 წელს ჯანმრთელობის მიმართულებით შექმნილი აპლიკაციების ბაზრის მოცულობამ 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბაზრის შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით მაღალი ტემპებით პანდემიის შემდეგ დაიწყო.

პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1,35 მილიარდს შეადგენდა. მონაცემებს businessofapps.com-ი ავრცელებს.

პორტალი აქვეყნებს ტოპ-აპლიკაციების ჩამონათვალსაც.

სიის პირველ ადგილზეა Apple Health, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ iPhone-იდან, Apple Watch-იდან და სხვა მოწყობილობებიდან. აქვს წამლების მიღების დროის შეხსენების და სამედიცინო ჩანაწერების სისტემატიზაციის ფუნქცია.

მას მოსდევს MyFitnessPal-ი, რომელიც შეიცავს საკვები პროდუქტების მონაცემებს მათი კვებითი ღირებულების შესახებ. 

Fitbit-ი მომხმარებელს სთავაზობს პულსის, ტემპერატურის, ძილისა და მენსტრუალური ციკლების კონტროლს.

შემდეგია BetterMe, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა წონის მკვეთრი კლების გარეშე. 

წონის კონტროლის მიზნით შექმნილი აპლიკაცია Noom-ის არეალი ფართოვდება. მისი მიზანია ადამიანის ქცევის ცვლილება ქრონიკული და არაქრონიკული დაავადებების შემთხვევაში.

აპლიკაცია Lose it! აკვირდება ადამიანის მიერ საკვებისა და წყლის მოხმარებას, რათა მომხმარებლებმა შეძლონ წონაში კლება. 

წონის კლებას ემსახურება აპლიკაცია WeightWatchers-იც, რომელიც კვების შესახებ ინფორმაციას გარდაქმნის მოხმარებული კალორიების ქულებად შეფასების სისტემად.


Flo არის ყველაზე პოპულარული აპლიკაცია ოვულაციისა და მენსტრუაციის კალენდრის გასაკონტროლებლად.

მოხმმარებული წყლის რაოდენობის გასაკონტროლებლადაა შექმნილი აპლიკაცია Waterlogged, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაისახონ წყლის გარკვეული მოცულობის მოხმარების გეგმა. აპლიკაცია ამ გეგმის მიხედვით შეახსენებს მომხმარებელს, როდის უნდა მიიღოს წყალი.

შემოსავლების მიხედვით, 2023 წელს ბაზრის ლიდერი Noom-ია, რომელმაც 500 მილიონი დოლარი მიიღო. მას მოსდევს WeightWatchers 455 მილიონით და MyFitnessPal 310 მილიონით. 


2023 წელს ჯანმრთელობის თემატიკაზე შექმნილი აპლიკაციებით 300 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
მოხმარების პიკი პანდემიურ 2021 წელს იყო, როცა ამ აპლიკაციების მომხმარებელთა რიცხვმა 355 მილიონი ადამიანი შეადგინა.