29 ივნისს სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ზიმლიცკიმ რეგიონის მასშტაბით უნიკალური ოპერაცია ჩაატარა.
მუხლის ტოტალური პროთეზირება PERSONA-ს სისტემით - ამ ტიპის მეთოდით და იმპლანტით მსგავსი ქირურგიული ჩარევა არამარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და ამიერკავკასიაშიც პირველია!
„კლინიკა Hessing-ში ვიზიტი ურთიერთთანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა და მოიცავდა ენდოპროთეზირების ამ უნიკალური და უახლესი მეთოდის საქართველოში დანერგვისთვის მოსამზადებელ ეტაპებს. ეს ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, უმოკლეს დროში გადაადგილდეს დახმარებისა და ტკივილის გარეშე! იმპლანტის ანატომიურობა იძლევა შესაძლებლობას, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ძვლის მასა და მისი ანატომია, რაც ხელს უწყობს პაციენტის ოპერაციისშემდგომ მარტივ რეაბილიტაციას! სწორედ ეს უპირატესობა აქვს მუხლის პროთეზირებას პერსონას სისტემით. მსგავსი ოპერაცია საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არამარტო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით, არამედ ქართული მედიცინის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში“, - განაცხადა გიორგი ზიმლიცკიმ.
ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ზიმლიცკიმ S2S Zimmer Biomet-ის ეგიდით Persona-ს სისტემით მუხლის ტოტალური ენდოპროთეზირების უახლესი ოპერაციები ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გერმანელ ექიმთან და ენდოპროთეზირების ცენტრის „ჰესსინგ კლინიკის” განყოფილების ხელმძღვანელთან ჟან ტომაშთან ერთად, გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, კლინიკა Hessing-ში ჩაატარა. პაციენტი: 70 წლის ქალბატონი. მოგვმართა ჩივილებით, რამდენიმე წელია აწუხებდა ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ორივე მუხლის სახსარში. მუხლის სახსარს სრულად ვერ ეყდრნობოდა და გადაადგილდებოდა ყავარჯენის დახმარებით.
საოპერაციო ბრიგადა: ოპერატორი - გიორგი ზიმლიცკი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
ქირურგები - გიორგი ლორია, ჯურხა ნადირაძე, გიორგი ხოხაშვილი;
ანესთეზიოლოგი - გვანცა ქაჩლიშვილი;
ექთანი - თამილა ბირჩაძე, მაია ქელბაქიანი;
ანესთეზიის ექთანი - ირმა ჩიკვილაძე, ანა სიხარულიძე.