თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 𝐊𝐓𝐐 სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აკრედიტაცია მიენიჭა. 

კლინიკის ინფორმაციით, გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის -  „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.

"ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი დაკვირვებისა და შეფასების KTQ კრიტერიუმების გათვალისწინებით თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასეს.  ორგანიზაციის მიერ მინიჭებული KTQ სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების მაღალი ხარისხი, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს," - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, გასული წლის ბოლომდე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ მააკრედიტებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რითიც დაადასტურებდნენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას. საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.

აკრედიტაცია საქართველოში მოქმედ არაერთ სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიენიჭა.