სტომატოლოგიის დარგის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო დაზღვევის განვითარებამ. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა სტომატოლოგიას არ ფარავს, კერძო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანების უმრავლესობა კი ახალგაზრდა, დასაქმებული მოქალაქეები არიან, რომლებიც სადაზღვევო პაკეტების არჩევისას ერთერთ პრიორიტეტად სტომატოლოგიას განიხილავენ.
„ის, რომ სადაზღვევო პაკეტების შერჩევისას ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ მაგალითად ონკოლოგიაზე და მეტად - სტომატოლოგიაზე, მარტივად აიხსნება: კერძო დაზღვევის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდა კი ნაკლებად ფიქრობს, რომ მას კიბო დაემართება, თუმცა ზუსტად იცის, რომ სტომატოლოგიური მომსახურება დასჭირდება,“ - განაცხადა ალხანიშვილმა.
რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, ფასები წლიდან წლამდე იზრდება, რაც პირველ რიგში ქირურგიას უკავშირდება, რადგან ეს დარგი სრულადაა დამოკიდებული იმპორტირებულ მასალებზე.
„სტომატოლოგიაში ფასები არასდროს იქნება დაბალი. ესაა დარგი, რომელიც მთლიანად მასალებსა და ტექნილოგიებზეა მიბმული, ის სწრაფად იცვლება და მუდმივად მზარდია. ქირურგია ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რომელიც 100%-ით იმპორტირებულია. თერაპიის კუთხით კი ამ ფაქტორს შედარებით მცირე როლი აქვს. ამიტომაც გამიჭირდება იმის თქმა, პროცენტულად რამდენად გაძვირდა სტომატოლოგია საქართველოში,“ - განაცხადა ზურაბ ალხანიშვილმა.
jandacva.ge