მომავალი ზამთრის სეზონისთვის გრიპის ვაქცინების შეძენაში ქვეყანა 3 მლნ 964 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამას ითვალისწინებს 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება. 

გასულ წელს იგივე მიზნებზე 3 მლნ 741 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. 


შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ყოველწლიურად, სექტემბერ-ოქტომბერში, გრიპის საწინააღმდეგო 200 ათას დოზა ვაქცინას ყიდულობს.

იმუნიზაციის პროგრამაზე ჯამში 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც გასული წლის ანალოგიური მონაცემია.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს  იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული და სხვა დამატებითი ჯგუფების ასაცრელად: B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა − 18 წლის და უფროსი ასაკის B ჰეპატიტზე აუცრელი და/ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის; ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა : 18 წლის და უფროსი ასაკის ვაქცინაციას/რევაქცინაციას დაქვემდებარებული (მ.შ. სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხით გათვალისწინებული) პირების და ასევე სამედიცინო ჩვენების მქონე პირების ასაცრელად; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა − 18 წლის და უფროსი ასაკის პირების (ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე) და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარების, პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის; პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა − მდედრობითი სქესის 13 – 45 წლის ასაკობრივ ჯგუფებში და მამრობითი სქესის 13 − 45 წლის ასაკობრივ ჯგუფებში; წითელა-წითურას კომპონენტიანი − 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების, ასევე, სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხით გათვალისწინებული პირების აცრებისთვის.  პროგრამა ასევე ითვალისწინებს სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატებისა და იმუნოგლობულინების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას,  ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის გეგმურ აცრებზე პროგრამის მოსარგებლეების მოწვევა, მათი მშობლებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების (მ.შ. პერსონალიზებული მოსაწვევის) გაგზავნის გზით.


ასევე გათვალისწინებულია აუცრელი ან არასრულად აცრილი ბავშვების მიდევნება, მათი პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მეთვალყურეობაზე აყვანა ვაქცინაციის მიზნით.