ინტერვიუ „იმედის კლინიკის“ დირექტორთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან, მეან-გინეკოლოგ დავით კობეშავიძესთან.
- გასული წელი სიახლეებით და რეფორმებით დატვირთული აღმოჩნდა სამედიცინო დაწესებულებებისათვის. რამდენად რთული და მტკივნეული გამოწვევა იყო კლინიკის მუშაობის შესაბამისობაში მოყვანა ახალ სტანდარტებთან და რეგულაციებთან?
- საოცარი რეფორმები დაიწყო ჯანდაცვის სისტემაში და მართლაც გარდამტეხი წელი აღმოჩნდა 2023 წელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, მათ შორის, ჩვენი კლინიკისთვისაც. ამ ეტაპზე გაიხსნა მოზრდილ ბავშვთა რეანიმაცია თანამედროვე დონის უახლესი მოთხოვნილებების მიხედვით, ვაკეთებთ საკმაოდ სოლიდურ ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტს - ქირურგიულ ცენტრს, ასევე წარმატებით გავიარეთ საერთაშორისო აკრედიტაცია.
სიმართლე გითხრათ, თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართ, თუმცა დღეს სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა სრულად არის შესაბამისობაში მოყვანილი როგორც ახალ რეგულაციებთან, ასევე უცხოელი ექსპერტების უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ და მაქსიმალურად მოვერგეთ ევროპულ სტანდარტებს. საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მზადების პროცესი, რომელიც დაახლოებით 7 თვე გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ სავალდებულო გახადა კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია, ჩვენმა კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მზადება და შემოთავაზებული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გერმანულ ორგანიზაციასთან KTQ international-თან გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. საერთაშორისო სტანდარტებთან კლინიკის შესაბამისობაში მოსაყვანად მოგვიწია გარკვეული პროცესების დანერგვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება, როგორც ექიმების ასევე საშუალო და უმცროსი მედ-პერსონალის გადამზადება და ა.შ. 2023 წლის ნოემბერში 4 ექსპერტი იმყოფებოდა შემაჯამებელ რევიზიაზე ჩვენს კლინიკაში და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, დოკუმენტაციის დეტალურად გაცნობისა და კლინიკაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „იმედის კლინიკას“ მიენიჭოს 3 წლით საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის მუდმივი განვითარებისა და წინსვლის წინაპირობა სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. მოგეხსენებათ, დღეს, როდესაც საქართველო თამამად დგას ევროპის ზღურბლზე და ყოველდღე ველოდებით ევროპის დიდ ოჯახში მიღებას, ბუნებრივია სამედიცინო დაწესებულებებიც ევროპული აზროვნებით, ევროპული მიდგომით უნდა გადაეწყონ ამ რელსებზე. მომდევნო 3 წლის განმავლობაში გვიწევს ხელახალი აკრედიტაციის გავლა. ჩვენ დავიწყეთ უკვე იმ შენიშვნებზე მუშაობა, გამოსწორების მიზნით, რომელიც გერმანელმა კოლეგებმა მოგვცეს.
- ბევრი სამედიცინო დაწესებულება უკმაყოფილოა არსებული რეფორმებით, რაც უპირობოდ მოსალოდნელი ფინანურის დანახარჯების მოლოდინით არის გამოწვეული. რამდენად მძიმე ტვირთი იყო თქვენთვის კლინიკის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი?
- რასაკვირველია, სამედიცინო დაწესებულების მორგება ყველა თანამედროვე სტანდარტზე საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული და არც ჩვენი კლინიკისთვის ყოფილა ამ კუთხით მარტივი მზადების პროცესი. მოგვიწია არამარტო ფინანსური დანახარჯების გაკეთება, არამედ დამატებითი სერვისებისა და მიდგომების დანერგვა, რაც დამატებით ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების მობილიზებასთან იყო დაკავშირებული. ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარა კლინიკაში უკვე დანერგილი განსაკუთრებული მიდგომები პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების მიმართულებით. ჯანდაცვის ომბუდსმენის სამსახური, რომელიც „იმედის კლინიკაში“ უკვე ათეულ წელზე მეტია მუშაობს, რაც მუდმივ კომუნიკაციას და უკუკავშირს გულისხმობს პაციენტებთან, მათი ოჯახის წევრებთან და კლინიკის თანამშრომლებთან, კლინიკის ძლიერ მხარედ დასახელდა. „იმედის კლინიკის“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც უფასო სამედიცინო აქციებით, ეროვნულ პროექტებში კლინიკის სპეციალისტების ჩართულობით, წარჩინებული სტუდენტების წახალისებით, მედიასთან მუდმივი კომუნიკაციით, პაციენტების წამახალისებელი პროექტებით და სხვა მრავალ აქტივობაში არის გამოხატული, ასევე ძლიერ მხარედ დასახელდა უცხოელი ექსპერტების მიერ. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესს, სწორ მენეჯმენტს, როგორც სამედიცინო ასევე ფინანსური კუთხით, ეთიკის კომისიისა და ხარისხის მართვის სამსახურის გამართულ მუშაობას. ყველა სამედიცინო დაწესებულებას წარმატებას ვუსურვებ აკრედიტაციის საკმაოდ რთულ გზაზე. საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მიახლოება ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტებთან, თითოეული მოქალაქისათვის, როგორც პოტენციური პაციენტისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- მშობიარობის დაფინანასება სახელმწიფომ 500 ლარიდან 1222 ლარამდე გაზარდა, ხოლო საკეისრო კვეთის ანაზღაურება 800 ლარის ნაცვლად დღეისათვის 1222 ლარია. ტარიფის გაზრდამ და ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფის გათანაბრებამ, სამედიცინო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ამ კონკრეტულ ნაბიჯს და „დიარჯი“ სისტემის ამოქმედებას სამეანო სექტორში?
- დიარჯი სისტემის ამოქმედება მეანობაში, საშვილიშვილო საქმეა და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად! გარკვეული საკითხები დასახვეწია, თუმცა ქალაქი ერთ დღეში არ შენდება.
- რამდენად ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებების მიმღები გუნდი სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციის აზრს?
_ საბედნიეროდ, მიმდინარე პროცესების და რეფორმების პერიოდში გვაქვს საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა და ჯანსაღი კომუნიკაცია. ჩვენ, ყველა ვმუშაობთ პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, ყველა ხარვეზი, რაც მუშაობის განმავლობაში გამოვლინდება, ამ ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად აუცილებლად აღმოიფხვრება.
- თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედებს შობადობის რაოდენობაზე უფასო მშობიარობის პროგრამა, რომელიც „დიარჯი“ სისტემის ფარგლებში დაინერგა? ასევე საინტერესოა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გადადგმული აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, კონკრეტულად თქვენს კლინიკაში გაიზარდა თუ არა მომართვიანობა?
_ შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ეს პროექტი, ვფიქრობ, საკმაოდ დროული იყო. „დიარჯი“ პროგრამაში მონაწილე კლინიკები გარკვეულწილად შეზღუდული ვართ საკეისრო კვეთების წარმოებაში, რაც აუცილებლად შეამცირებს საკეისრო კვეთათა რიცხვს. მეტსაც გეტყვით, მოთხოვნით საკეისრო კვეთა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, დღეისათვის თითქმის აღარ კეთდება. ეს მოცემულობაც აუცილებლად გააუმჯობესებს მდგომარეობას. ნოემბრის მეორე ნახევრიდან ჩვენს კლინიკაში საგრძნობლად გაიზარდა როგორც პირველადი ორსულობის მომართვიანობა, ასევე შობადობა. ორსულ ქალბატონს და მის ოჯახს, დღეს უკვე აქვს იმის განცდა, რომ არანაირი დამატებითი სახსრების მოძიება აღარ დასჭირდება მშობიარობის დანახარჯის დასაფარად. მასზე ზრუნავს სახელმწიფო, რომლისთვისაც პრიორიტეტია თითოეული დაბადებული ახალშობილი.
ამ შემთხვევაში ჯანსაღი კონკურენციის პირობებში პაციენტი უკვე არჩევს ისეთ კლინიკას, სადაც შექმნილია მაქსიმალური კომფორტი, საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მუშაობს პროფესიონალთა გუნდი, დანერგილია პაციენტის ინტერესებზე მორგებული სერვისები, უფლებების დაცვის სამსახური და ა.შ.
- რამდენად ხშირად სარგებლობენ ორსულები ვიაიპ მომსახურებით და ეთიშებიან ერთჯერადად „დიარჯი“ სისტემას?
- ჩვენს კლინიკაში რასაკვირველია ისევ ფუნქციონირებს ვიაიპ განყოფილება. ვისაც სურვილი და ფინანსური შესაძლებლობა აქვს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება ერთჯერადად და სარგებლობს დამატებითი სერვისებით. ეს საკითხი იდეალურად არის დარეგულირებული კანონმდებლობით. ყველა განყოფილებაში იმდენად კომფორტული პირობები ხვდებათ ჩვენთან პაციენტებს, რომ ვიაიპი მომსახურებით სულ რამდენიმე მშობიარემ ისარგებლა და გამოეთიშა „დიარჯის“. თითოეული ორსული უზომოდ კმაყოფილია ამ პროგრამით. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი ექიმი ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშობიარობა არის უფასო და სახელმწიფო სრულად ფარავს აღნიშნულ ხარჯებს.
- უქმნის თუ არა საფრთხეს ე.წ. აყვანილი ექიმის ინსტიტუტს „დიარჯი“ სისტემა? ფინანსურად ხომ არ დაზარალდნენ მეანები?
- არანაირ საფრთხეს არ უქმნის. პირიქით, დღეს ყველას აქვს საშუალება, მისთვის სასურველ ექიმთან იმშობიაროს. სხვა საქმეა რამდენად კმაყოფილი ექიმი მისი ანაზღაურებით. ეს საკითხი ექიმისა და კლინიკის ადმინისტრაციის გასარკვევია. კონკრეტულად იმედის კლინიკაში, საბედნიეროდ შევძლოთ ექიმებისათვის იმ ანაზღაურების შენარჩუნება, რაც მანამდე ჰქონდათ. მოგეხსენებათ, ანაზღაურება კონფიდენციალური თემაა და ციფრებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ნებისმიერ ჩვენს ექიმს, რომ ჰკითხოთ დაადასტურებენ - მათ ანაზღაურებაზე „დიარჯი“ სისტემის ამოქმედებას ზეგავლენა არ მოუხდენია. თუმცა მიმაჩნია, რომ ე.წ. აყვანილი ექიმების ანაზღაურების საკითხზე სამომავლოდ კიდევ იქნება სამუშაო.
- ქვეყანაში ასევე გამკაცრდა რეგულაციები აბორტებთან დაკავშირებით... რამდენად შეამცირა აბორტების რაოდენობა ახალმა რეგულაციებმა კონკრეტულად თქვენს კლინიკაში?
- მოგეხსენებათ 2024 წლის 1 იანვრიდან 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ, აბორტისწინა გასაუბრებას და კონსულტაციას მეან-გინეკოლოგის გარდა, სოცმუშაკი და ფსიქოლოგიც უწევენ პაციენტს. საბედნიეროდ, იანვარში გვქონდა სასიამოვნო პრეცედენტი. აბორტზე მოსულმა ქალბატონმა ჩვენი ფსიქოლოგის ჩართულობით გადაიფიქრა ორსულობის შეწყვეტა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ქალბატონს „იმედის კლინიკაში“ აბსოლუტურად უფასო ექნება ყველაფერი მთელი ორსულობის პერიოდში, კვლევები, ანალიზები, კონსულტაციები. ასევე, მისი პატარა „იმედის კლინიკის“ პედიატრიულ საავადმყოფოში მიიღებს ყველა სერვისს 18 წლამდე სრულიად უფასოდ. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, „იმედის კლინიკის“ მენეჯმენტმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ქალს, რომელიც აბორტს გადაიფიქრებს, ორსულობის პერიოდში თანხას არაფერში გადავახდევინებთ, მის პატარას კი 18 წლამდე „იმედის კლინიკა“ უფასოდ მოემსახურება!
აბორტის რეგულაციების გარკვეულწილად გამკაცრება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის პირობებში. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეებისათვის, ვფიქრობ, კერძო სექტორმაც ქვეყნის სასიკეთოდ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას და გარკვეული ფინანსური პასუხისმგებლობა აიღოს.
- კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
- ალბათ, გემახსოვრებათ ის დრო, როცა მედიამ და ჟურნალისტებმა იმდენი გააკეთეს, რომ პაციენტსა და ექიმს შორის უფსკრული გაჩნდა. ეს იმჟამინდელი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. დღეისათვის რეალობა შეცვლილია, ამიტომ მინდა მივმართო მედიას, თითოეულ ჟურნალისტს და მოვუწოდო თანამშრომლობისაკენ. ჩვენ ერთად შეგვიძლია ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება, ვესაუბროთ ახალგაზრდა გოგონებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მივცეთ სანიტარულ-ჰიგიენური განათლება, ჩამოვუყალიბოთ სწორი შეხედულებები სქესობრივი ცხოვრებისა და ორსულობა-მშობიარობის შესახებ, ვისაუბროთ საკეისრო კვეთის საფრთხეებზე, გართულებებზე და ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობებზე. მაშინ, როდესაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ექიმების, კერძო სექტორის და მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.