განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა. ხოლო ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ამ თემაზე ყურადღების გამახვილება და ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან საზოგადოებაში დამატებითი სტრესის შემოტანას. მინისტრმა კოვიდს „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“ უწოდა.

„როდესაც კოვიდპანდემია იყო ქვეყანაში და ასევე მსოფლიოში, იყო სხვადასხვა განსაკუთრებული რეჟიმი და ამ რეჟიმების მიხედვით მიდიოდა ჩვენი ცხოვრებაც. გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსული ვიყავი სამინისტროში, მაშინვე აღვნიშნე, რომ კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდებოდა და გადაიქცეოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად. დიახ, დღეს ნამდვილად ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ამას უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც და არ არის არანაირი განგაშის, პანიკის საფუძველი და საერთოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ასეთი აღარც უნდა მახვილდებოდეს“, - განაცხადა მინისტრმა.