ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება სხვადასხვა იდეა დაზღვევის არსებული სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკითხი კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს, თუმცა უწყებაში დაინახეს, რომ 700 ათასამდე ადამიანს აქვს პაკეტი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და მათი დიდი ნაწილი არ ფარავს იმ სერვისებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვაში შედის. ამიტომ ცვლილებებია საჭირო. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, დაწყებულია თუ არა ამ საკითხზე  სამინისტროში მოლაპარაკებები, დევი ხეჩინაშვილი დადებითად პასუხობს. თუმცა ის თემის სირთულეზე მიუთითებს და ამბობს, რომ დისკუსია მხოლოდ დაშენებული პაკეტების გაფართოებაზე არ მიმდინარეობს. 


მისი თქმით, ჯერ საჭიროა უნივერსალური პაკეტის შემოღებით დავიწყოთ. მაგრამ ხეჩინაშვილი ამბობს იმასაც, რომ საქართველოში 200 ათასი ადამიანს აქვს დაბალფასიანი, 15-20-ლარიანი პაკეტი, საბაზისო პაკეტის შემოღების შემდეგ კი ეს ადამიანები აღმოაჩენენ, რომ საბაზისო პაკეტი უნდა იყიდონ, რომელიც  უფრო მეტ სერვისს ფარავს, თუმცა დამატებითი ამაში თანხაცაა გადასახდელი. როგორ იქნება ეს საკითხები მოწესრიგებული - სწორედ ესაა ახლა, დევი ხეჩინაშვილის თქმით, განხილვის თემა.


შეგახსენებთ, რომ ექსპერტებისა და სადაზღვევო ინდუსტრიის ნაწილი ქვეყანაში უნივერსალური, მინიმალური (იგივე საბაზისო) პაკეტის შემოღებას წლებია ითხოვს. ესაა პრინციპი, როცა მოქმედებს ისეთი მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელზე დაბალი შეთავაზების გაკეთების უფლებაც კომპანიებს არ ექნებათ. შესაბამისად, მისი ფასიც მაღალი იქნება. როგორი იქნება პრემიის გადახდის პრინციპი (მაგალითად, მოწყვლად ჯგუფებს მას სახელმწიფო დაუფარავს, დასაქმებულების შემთხვევაში კი, შესაძლოა, დამსაქმებელს ჰქონდეს პრემიის ნაწილის გადახდის ვალდებულება), ეს განხილვისა და შეთანხმების თემაა. 


რაც შეეხება ე.წ. დაშენების უფლებას, ის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, სურვილისა და დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ადამიანმა უნივერსალური პაკეტის პირობები გაიუმჯობესოს.

jandacva.ge