მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მენტალურ, ანუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტრენდია. ეს ტენდენცია საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკმაოდ ძვირადღირებულ სერვიზებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ დაბალია.
NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს.
კითხვაზე, „თქვენი აზრით, რამდენად პრობლემატურია, თუ საერთოდ პრობლემატურია, ჩვენს საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის ისეთი დარღვევები როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა?“, 83% პასუხობს, რომ პრობლემატურია, 8% ამბობს, რომ არ არის პრობლემატური, ხოლო ასევე 8% ამბობს, რომ არ იცის.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.
თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ.
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებს კერძო სადაზღვევო პოლისებიც ფარავს, თუმცა ეს იშვიათ შემთხვევებში ხდება, ძირითად პრაქტიკაში კი ეს პუნქტი გამონაკლისებში შედის.
„თიბისი დაზღვევაში,“ რომელმაც 2022 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა, ამბობენ, რომ ამ დაფარვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის დასაწყისში 3-ჯერ მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა. ეს იმაზე მიუთითებს, საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.
„მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლებშიც, რადგან თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. მენტალური ჯანმრთელობის საკითხებმა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შეიძლება შეამციროს თანამშრომლების კონცენტრირების, გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარი. კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც წესი, აქვთ დასაქმებულების გადინების დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მათი კმაყოფილების დონე და შრომის შედეგები - მაღალი. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან, უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან,“ - აცხადებენ კომპანიაში.
ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა თავიანთ პაკეტებში ისევე უნდა შეიტანონ, როგორც ეს ნებისმიერი სხვა დაავადებების შემთხვევაშია.
მათი განმარტებით, ევროპაში სწორედ ასეთი პრაქტიკაა. მართალია, ფსიქოთერაპიის ყველა მიმართულება არც იქ ფინანსდება, თუმცა მთელი რიგი მიმართულებების დაფარვა 100 პროცენტს აღწევს.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომლითაც მსოფლიოში მენტალური პრობლემების გახშირებას კომპანიები პასუხობენ, ე.წ. მენტალური შვებულებების პრაქტიკის დამკვირდებაა.
ესაა შვებულების დამატებითი ანაზღაურებადი დღეები, რომლებიც დასაქმებულმა მხოლოდ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის უნდა გამოიყენოს.
როგორც jandacva.ge-სთან საუბარში ფსიქოლოგი, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბადრიძე ამბობს, საუკეთესო მოდელი იქნება, როცა, სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, კომპანიები მისცემდნენ თანამშრომლებს მენტალური შვებულებით სარგებლობის უფლებას.
„მყავს კლიენტი ჰოლანდიაში, რომელიც ანალიტიკურ კომპანიაში მუშაობს და რომელიც მენტალურ შვებულებაში 6 თვე იმყოფებოდა. თერაპიების შემდეგ ის თანდათანობით უბრუნდება სამუშაოს, თუმცა ამ ეტაპზე კვირაში მხოლოდ 6 საათით მუშაობს. ის შვებულებაში ფსიქოთერაპევტის დასკვნის საფუძველზე გავიდა და მთელი ეს პერიოდი სრულ ხელფასს იღებს,“ - განაცხადა ბადრიძემ.
მართალია, ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული კომპანიებისთვის თანამშრომლების მენტალურ შვებულებაში თვეობით გაშვება არარეალისტურია, თუმცა მენტალური შვებულებების პრაქტიკის დანერგვის მცდელობა უკვე ქართულ ბაზარზეც გვხვდება. ამას კი რამდენიმედღიანი დამატებითი შვებულების ფორმა აქვს, რომელსაც თანამშრომლები ძალების აღდგენისთვის იყენებენ.