2050 წლისთვის მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული მილიარდ 300 მილიონი ადამიანი იქნება - ასეთია ჟურნალ „ლანცეტის“ პროგნოზი. მსოფლიოში დიაბეტის ტიპი ერთით და ტიპი ორის დიაგნოზით 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს აღემატება.
ჟურნალ Diabetes Care-ის მონაცემებით, შესაძლოა, 2030 წლისთვის დიაბეტის მართვა მსოფლიო ეკონომიკას 2,5 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს. ასეთი დრამატული მოლოდინები იმ ტენდენციის საფუძველზე ჩნდება, რომლებიც მსოფლიოში უკვე წლებია მიმდინარეობს. არაჯანსაღი კვება, ცხოვრების პასიური წესი, ახალგაზრდების სულ უფრო მეტი დამოკიდებულება გაჯეტებზე - ესაა ის ძირითადი ფაქტორები, რაც ჭარბწონიანობის პრობლემას, შედეგად კი დიაბეტის შემთხვევების ზრდას განაპირობებს.
დიაბეტი, თავის მხრივ, მხოლოდ ამ ერთ დაავადებას არ ნიშნავს და ის არაერთი გართულების წყაროა. მათ შორის მხედველობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, რადგან უკავშირდება ადამიანის როგორც ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას, ისე მის ემოციურ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას. დიაბეტის გავრცელებასთან ერთად, მხედველობის პრობლემებიც წლიდან წლამდე მწვავდება და სულ უფრო მეტ, სხვადასხვა ასაკის ადამიანს ეხება.
თვალის დაავადებებს არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ასაკობრივი ფაქტორები, თუმცა დიაბეტის მზარდი ტენდენცია ამ პრობლემებას დამატებით, საგანგაშო სტიმულს აძლევს. ერთ-ერთი დაავადება, რომელსაც დიაბეტი იწვევს, დიაბეტური რეტინოპათიაა -თვალის ბადურა გარსის დაზიანება. დაავადება შესაძლოა განვითარდეს პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ნებისმიერი ასაკის პაციენტში. რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს პაციენტს დიაბეტი და რაც უფრო ნაკლებად აკონტროლებს იგი სისხლში შაქრის შემცველობას, მით უფრო მეტია თვალის დაზიანების რისკი.
დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის მკვებავი მცირე ზომის სიხლძარღვების დაზიანება , რის შედეგადაც ბადურას არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად თვალში წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები, რომლებიც არასწორად ყალიბდებიან და შედეგად ვითარდება სისხლდენა (ჰემორაგია), ნაწიბურის განვითარება, ბადურის ჩამოცლა; ცხადია, ეს პროცესების მხედველობის დაქვეითებას იწვევს.
დიაბეტური რეტინოპათიის გართულებას წარმოადგენს დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME), რომელიც დიაბეტიან პაციენტებში მხედველობის მკვეთრად დაქვეითების ძირითადი მიზეზია. დაავადება ნელა პროგრესირებს და პაციენტი ხშირად ვერ ამჩნევს, რომ მხედველობა ნელ-ნელა უარესდება.
შეშუპების ხანგრძლივი დროით არსებობის გამო ბადურის ქსოვილი დეგენერაციას განიცდის, შედეგად კი უარესდება მხედველობის სიმახვილე, რასაც ზოგჯერ ფუნქციური სიბრმავეც კი მოსდევს. პაციენტებს პრობლემები აქვთ ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით - ისინი ვეღარ კითხულობენ, საათზე დროს ვერ ამოწმებენ, ასევე, მაგალითად, ვერ ამზადებენ ჩაის.
რამდენად მასშტაბურია პრობლემა, ამას ციფრებიც ადასტურებს: დიაბეტის მქონე პაციენტების 60%-ს მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებები უვითარდება.
კვლევების, სტატისტიკისა და სიმპტომების ჩამონათვლის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან. ერთ-ერთია 59 წლის ზაზა დოლიძე, რომელსაც 20 წელია, დიაბეტის დიაგნოზი აქვს, ბოლო 3-4 წელი კი ამ დაავადებამ ის მხედველობის პრობლემებითაც „დაასაჩუქრა“.
ზაზა დოლიძე Jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობს საკუთარ დიაგნოზსა და დაავადების ისტორიაზე. ამბობს, რომ პრობლემაზე საუბრით სურს იმ პაციენტების დახმარება, რომლებსაც, ფინანსური პრობლემების გამო, სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება არ აქვთ.
„20 წელია, რაც დიაბეტი დამიდგინდა. ვიცავდი მკურნალობის ყველა წესსა და რეკომენდაციას, მათ შორის კვების კუთხით, თუმცა რაღაც ეტაპზე ნერვიულობა შემხვდა. მართალია შემდგომში ვიმკურნალე, თუმცა 4-5 წლის წინ მხედველობის პრობლემები დამეწყო, რასაც მკურნალობა დასჭირდა. ეს კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ერთი კვლევა 500 ლარი ღირს, ასევე მჭირდება თვალშიდა ინექცია, რომელიც ასევე სოლიდური თანხები ჯდება. ეს ინექცია საჭიროა, რათა დაავადების პროგრესირება შეჩერდეს და ექიმებს მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეთ. თუმცა, სამწუხაროდ, კერძო დაზღვევა, რომელიც მაქვს, მედიკამენტების ღირებულების მხოლოდ 30%-ს ანაზღაურებს, ამ ინექციებს კი საერთოდ არ აფინანსებს. სადაზღვევო კომპანიაში მითხრეს, რომ ეს დაავადება გამონაკლისებშია და ამიტომ არ ფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვით კი ვერ ვსარგებლობ, რადგან საპენსიო ასაკის არ ვარ და თან კერძო დაზღვევა მაქვს,“ - ამბობს ზაზა დოლიძე, რომელიც დიაბეტურ მაკულარული შეშუპებით კლინიკა „ახალ მზერაში“ მკურნალობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მხარში დაუდგეს ასეთ პაციენტებს ისევე, როგორც ეს გლაუკომის შემთხვევაში მოხდა. ეს დიაგნოზი ზაზას 7 წლის შვილს აქვს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას გლაუკომის პრეპარატები დაემატა, რომლებსაც სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად უფინანსებს.
ამ კატეგორიაში შედის საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, შშმ ბავშვები, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ვეტერანები.
სწორედ ამ სიახლის შედეგად მიიღო ზაზა დოლიძის შვილმა შესაძლებლობა, მედიკამენტები, რომლებშიც ოჯახს თვეში მინიმუმ 100 ლარის გადახდა უწევდა, უფასოდ მიიღოს.
მამა ამბობს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია არაერთი პაციენტისთვის, თუმცა არსებობენ თვალის სხვა დაავადებებისა და სხვა კატეგორიის ადამიანები, რომელთა არც შემოსავლები და არც სადაზღვევო პაკეტები არ იძლევა სრული მკურნალობის მიღების შესაძლებლობას. ამ პრობლემების წინაშე, ზაზასთან ერთად, ათასობით სხვა პაციენტი დგას. ამიტომ, ლოგიკურია, რომ სახელმწიფომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალში ჩართოს ახალი თაობის პრეპარატები. ზაზა დოლიძის მაგალითზე, მისთვის საჭირო პრეპარატებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია თვალშიდა ინექციები.
აღნიშნული მედიკამენტები მხოლოდ აჭარაში მცხოვრებ პაციენტებს უფინანსდებათ.
პროგრამის სახელწოდება ასეთია: "თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით". პროგრამა ითვალისწინებს ბადურის მძიმე დაავადებების (დიაბეტური რეტინოპათია, მაკულარული შეშუპება ბადურის ვენის ოკლუზიის გამო, მიოპიური ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია, ნეოვასკულარული ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია და სხვა) მკურნალობის დაფინანსებას ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატების ინტრავიტრეალური ანუ თვალში ინექციის გზით.
აჭარის პრეცედენტი იძლევა იმის მოლოდინის საფუძველს, რომ მსგავსი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბითაც ამოქმედდება, რადგან მკურნალობის გეოგრაფიული ნიშნით ხელმისაწვდომობა პაციენტებში დისკრიმინაციისა და უსამართლობის განცდას აჩენს. აჭარის მოდელის გარდა, არსებობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მუდმივად ფართოვდება და მასში თვალის ახალი თაობის ინექციების შეტანა ათასობით პაციენტისთვის მხედველობის შენარჩუნების გზა იქნებოდა.
შექმნილ რეალობაში, როცა ეფექტიანი მკურნალობა არსებობს, მაგრამ პაციენტების დიდი ნაწილისთვის ის ხელმისაწვდომი არაა, ექიმები იძულებულნი ხდებიან, პაციენტებს ამ კუთხითაც დაეხმარონ.
ერთ-ერთი ასეთი ექიმია კლინიკა „ახალი მზერის“ ოფთალმოლოგი, ვიტრეო-რეტინალური ქირურგი, ბადურის სპეციალისტი შალვა სხირტლაძე, რომელიც საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრია.
მისი თქმით, არსებობს თვალის დაავადებები, რომელთა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა აუცილებელია. მას აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროგრამა.
ოფთალმოლოგი Jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეისათვის იმ პაციენტების 90%, რომლებსაც ინექციები ესაჭიროება, იკეთებს არა ახალი, არამედ წინამორბედი თაობის მედიკამენტს. ასეთი არჩევანისკენ კი პაციენტებს ფინანსური მხარე უბიძგებს, რადგან დასახელებული მედიკამენტი რამდენჯერმე იაფია ახალი თაობის პრეპარატებთან შედარებით. ოფთალმოლოგი განმარტავს, რომ ეს წამალი, გარდა იმისა, რომ მისი ინექციის სახით გაკეთება პაციენტს უფრო ხშირად უწევს, რაც დიდი დისკომფორტია, ახალი თაობის მედიკამენტებს ეფექტიანობითაც ჩამოუვარდება.
„თუ მისი გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა ერთი თვით ნარჩუნდება, ახალი თაობის პრეპარატების ეფექტი 2 და ზოგჯერ სამი თვის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, წინა თაობის მედიკამენტმა, შესაძლოა, შედეგი საერთოდ არ მოგცეს,“ - ამბობს ოფთალმოლოგი.
მას მოჰყავს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მაგალითი, სადაც თავად მუშაობდა. ამბობს, რომ იქ პაციენტებს დაზღვევის სახელმწიფო და კერძო სქემები ახალი თაობის მედიკამენტებს სრულად უფინანსებს. ამერიკაში პაციენტს 3-5 ინექცია უფინანსდება. რაც შეეხება საქართველოს, მედიკოსი ამბობს, რომ არსებობს თვალის სამი დაავადება, რომელთაც, როგორც სულ მცირე აუცილებელ ჩამონათვალს, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს. ეს დაავადებებია მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, ბადურის ცენტრალური ვენის ან მისი ტოტის ოკლუზია და დიაბეტური რეტინოპათია და დიაბეტური მაკულის შეშუპება. ოფთალმოლოგი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები, რომლებსაც ბადურის დაავადებების კუთხით შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ, მზად არიან, ჩაერთონ პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესში.
„არსებობს ამ დაავადებების მართვის მზა პროტოკოლები, მონაცემები მათი გამოყენების შედეგების შესახებ. ესაა გამზადებული მასალები, რომლებსაც მხოლოდ თარგმნა უნდა და ახლის შექმნა საჭირო არაა. ჯანდაცვის სამინისტროში აქვთ შიში, რომ სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში ინექციების დანიშვნა და გამოყენება უკონტროლოდ მოხდება, მაგრამ არსებობს პროცესის გაკონტროლების მექანიზმი. კერძოდ, ასოციაციაში ვართ ბადურის რამდენიმე ქირურგი და წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პაციენტი უნდა დაფინანსდეს და რომელი - არა. გადაწყვეტილების მიღებამდე ექიმი მოახდენს თვალის მდგომარეობის ვიზუალიზაციას, გაკეთდება ბადურის ტომოგრაფია “OCT” (Optical Coherence Thomography) კვლევა, რომელიც გადაიგზავნება სპეციალურ ცენტრში, სადაც რამდენიმე სპეციალისტი იმუშავებს და სწორედ ისინი გადაწყვეტენ, რა შემთხვევაშია საჭირო ამ მედიკამენტების გამოწერა,“ - განმარტავს სპეციალისტი. ის ხაზს უსვამს, რომ ამ მედიკამენტების დაფინანსების დამტკიცება და ასევე ინექციების გაკეთება უნდა იყოს იმ პროფესიონალების ხელში, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ.
შალვა სხირტლაძე ამბობს, რომ იმისთვის, რათა პაციენტებმა დაფინანსება მოიპოვონ, აუცილებელია აქტიურობა როგორც მათი, ისევე პაციენტების, მედიის და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან. ექიმის თქმით, უნდა იყოს ზეწოლის გარკვეული ფორმები, რადგან, როცა სამინისტრო 100, 200 და სამასი პაციენტის ხმას გაიგებს, ეს რაღაც ეტაპზე შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ექიმი ამბობს, რომ პაციენტებისთვის თუნდაც თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოში დიაბეტის შემთხვევების მატება გაგრძელდება. როგორც აღვნიშნეთ, ცნობილი გამოცემები უკვე ითვლიან, რამდენი ადამიანი დადგება ამ პრობლემის წინაშე და რა დაუჯდებათ ქვეყნებს ამ დაავადების მართვა. ამიტომ პრევენცია და დროული მკურნალობა, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ეფუძნება, ამ შემთხვევაშიც აქტუალურია. გარდა პაციენტებზე ზრუნვისა, ასეთი მიდგომა ქვეყნებს გართულებული მდგომარეობების მართვისთვის საჭირო დანახარჯებისგან დაიცავს. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ქრონიკული მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში უახლესი პრეპარატების დროულად ჩართვას ითხოვენ.
დიაბეტის მართვის კუთხით საქართველომ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა. ენდოკრინოლოგი ლიკა კაჭარავა ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებად ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსებას ასახელებს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა დაავადების სწორი მართვისთვის, რაც გართულებების, მათ შორის მხედველობის პრობლემების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. სპეციალისტის თქმით, მსგავსი პროგრამები, რომლებიც გართულებების პრევენცის ემსახურება, მისასალმებელია. თუმცა ამბობს იმასაც, რომ მსგავსი მხარდაჭერა 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანებსაც სჭირდებათ.
ენდოკრინოლოგის თქმით, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და არასწორი კვება თანამედროვე რეალობის ის რისკ-ფაქტორებია, რომლებიც დიაბეტით დაავადების ალბათობას ზრდის.
ეს ტენდენციები, სტატისტიკა და პროგნოზები ნათლად აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფომ ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამები უნდა გააფართოვოს, მათ შორის - თვალის დაავადებების მიმართულებით. ასეთია პაციენტებისა და ექიმების ცალსახა და საერთო პოზიცია, რომლებიც მიზნის მისაღწევად აქტიურობისთვის მზად არიან.