„თიბისი დაზღვევის“ თანამშრომლები „მენტალური შვებულებით“ აქტიურად სარგებლობენ, განსაკუთრებით - მიმდინარე პერიოდში. აღნიშნულ ინიციატივას კომპანიისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, უახლოეს მომავალში კი, თანამშრომლებთან და მათ უშუალო მენეჯერებთან გასაუბრების საფუძველზე, გაკეთდება ანალიზი, თუ რა შედეგები მოუტანა კომპანიას აღნიშნულმა ინიციატივამ.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში „თიბისი დაზღვევის” ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსმა თეა მახარაძემ განაცხადა.
„თიბისი დაზღვევამ“ საკუთარ თანამშრომლებს „მენტალური შვებულებებით“ სარგებლობის საშუალება რამდენიმე თვეა, რაც შესთავაზა. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები სტანდარტულ 24-დღიან დასვენებასთან და „დეი ოფთან“ ერთად (რიმლის აღება წელიწადში ოთხჯერ, ყოველკვარტალურადაა შესაძლებელი), დამატებით 5-დღიანი შვებულებით ისარგებლებენ, რომელსაც ისინი საკუთარი თავისთვის გამოიყენებენ.
მენტალური შვებულება მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული მოვლენა ხდება. ესაა მენეჯერული პასუხი იმ გამოწვევაზე, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზრისთვის სერიოზული პრობლემაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს.
სწორედ ამიტომ გაჩნდა მსოფლიოში ახალი მოვლენა - მენტალური შვებულება. დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფა 2020 წლიდან დაიწყეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა LinkedIn (5 დღე), Nike (5 დღე), Bumble (5 დღე) და Google (8 დღე). საქართველოში კი პირველი და ამ დრომდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც ეს პრაქტიკა დანერგა, თიბისი დაზღვევაა.
თეა მახარაძის თქმით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში მენტალურ შვებულებაზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, რადგან ზაფხულში დასაქმებულებმა სტანდარტული შვებულება გამოიყენეს. Jandacva.ge-ს კითხვაზე, დროის მოკლე მონაკვეთში მენტალურ შვებულებაზე მაღალი მოთხოვნა მენეჯერების მხრიდან უკმაყოფილებას ხომ არ იწვევს, თეა მახარაძე ამბობს, რომ არათუ არავის აქვს პრეტენზია ამის გამო, თავად მენეჯერებიც აქტიურად სარგებლობენ ამ შეთავაზებით და ამით მაგალითს აძლევენ დასაქმებულებს. მისი ინფორმაციით, მენეჯერთა მესამედმა უკვე ისარგებლა მენტალური შვებულებით.
„არაა არანაირი შეზღუდვა, თუ როდის აიღოს თანამშრომელმა შვებულება. პირიქით, როცა მენტალურ ჯანმრთელობაზეა საუბარი, ესაა თანამშრომლის ხელშეწყობაა.
ისედაც რომ დასჭირვებოდა ადამიანს სამსახურის გაცდენა, ეს არანაირი პრობლემა არაა. მენეჯერები გადაანაწილებენ და შეითავსებენ შვებულებაში გასული დასაქმებულის საქმეს. ჩვენ სწორედ ასე ვუყურებთ ამას. კომპანია რომ ადამიანებზე დგას, ეს მთელ მსოფლიოშია აღიარებული და ამიტომ კომპანიამ მათზე უნდა იზრუნოს. ესაა ზრუნვის ნაწილი. დღეს, „ჯენზის“ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს თუ თანამშრომელზე არ ზრუნავ, ის სამუშაოდ სხვაგან წავა, სადაც უკეთესად იქნება. თანამშრომლების უბრალოდ, ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე მოძველებულია. თანამშრომელს უნდა დაანახო, რომ შენთვის, როგორც კომპანიისთვის, ის ღირებულია და ზრუნავ მასზე. თუ ამ პრიზმაში უყურებ საკითხს, დაინახავ, რა გამოწვევებია ადამიანებში. მენტალური ჯანმრთელობა დღეს აღიარებულია ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად. ადამიანები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ რაღაც უჭირთ, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტია საჭირო, ისინი ზრუნავენ საკუთარ თავზე. აქედან გამომდინარე, კომპანიამ ასე უნდა შეხედოს ამ საკითხს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს თანამშრომლის მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,“ - განაცხადა თეა მახარაძემ.
მისი თქმით, მართალია, ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე მენტალური შვებულების სისტემა მხოლოდ „თიბისი დაზღვევას“ აქვს დანერგილი, თუმცა შეხვედრებზე სხვადასხვა კომპანიის ეიჩარები ინტერესდებიან ამ თემით და სავარაუდოდ, სხვა დამსაქმებლებიც დანერგავენ ამ პრაქტიკას. როგორც მახარაძე ამბობს, შესაძლოა ეს არ იყოს „თიბისი დაზღვევის“ სქემის კოპირება და სხვა ბენეფიტების სახით ჩადონ თანამშრომლებზე ზრუნვა. მისი თქმით, ამ ცვლილებების კომპანიებში დანერგვა მხოლოდ დროის საკითხია.
მისივე თქმით, ჯერ ადრეა იმის შეფასება, თუ რა შედეგები მოიტანა მენტალური შვებულების დანერგვამ კომპანიის ბიზნეს-საქმიანობისთვის, თუმცა ეს ყველაფერი დათვლადია და შესაბამისი ანალიზიც მომზადდება.
„იქნება მენეჯერების გამოკითხვა, რა ცვლილებები მოხდა მენტალური შვებულების დანერგვის შემდეგ. ყველა განყოფილებას თავისი მუშაობის სპეციფიკა აქვს. არის სამუშაოები, რომლებიც მეტად რუტინულია, და არის დეპარტამენტები, რომლებიც მეტ კრეატიულობას ითხოვს. უშუალო ხელმძღვანელებთან გვექნება გასაუბრება, გაიზარდა თუ არა მათ შემთხვევაში ინიციატივა, აისახა თუ არა სიახლე დროში შესრულებულ სამუშაოზე, და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროექტი,“ - განმარტა მახარაძემ.
Jandacva.ge ასევე დაინტერესდა, თუ არსებობს გარკვეული გადამოწმების სისტემა, რამდენად მიზნობრივად, ანუ რეალურად საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისთვის იყენებს თანამშრომელი ამ შვებულებას. თეა მახარაძის თქმით, რადგან კომპანიამ პირველად დანერგა ეს პრაქტიკა, ის მათთვისაც უცხო იყო და ამიტომ არ რაიმე ვალდებულება მასში არ ჩადებულა. შესაბამისად, პროცესი კეთილ ნებაზეა დაფუძნებული.
„ჩვენი განყოფილება გარკვეული პერიოდულობით ვახდენთ დასაქმებულთა ინფორმირებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასევე ვაწვდით რჩევებს. პირდაპირ ვალდებულება არ გვაქვს, ვცდილობთ ამ ეტაპზე ვაჩვენოთ: “არ მოგერიდოს და იცოდე, რომ კომპანია შენს გვერდითაა,“ - განაცხადა „თიბისი დაზღვევის” ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსმა თეა მახარაძემ.
Jandacva.ge