შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულების ამოქმედება, სავარაუდოდ, 2026 წლის იანვრამდე გადაიდება. აღნიშნულს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ "ტურიზმის შესახებ" კანონში დაინიცირებული ცვლილება გულისხმობს. 


განმარტებითი ბარათის თანახმად, კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების აქტიური
ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შემუშავების პროცესშია „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და მისი პირობები.


ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით, დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ტურიზმის შესახებ“ კანონში განხორციელდეს ცვლილება და სავალდებულო დაზღვევის ქონის ვალდებულების ამოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.

შეგახსენებთ: აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობდა და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1 ივნისამდე უნდა დამტკიცებულიყო. 


ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობას 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა მიეღო „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. აღნიშნულს ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს.