პაციენტსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტის ერთ-ერთი მიზანი ასევე იმუნიზაციაზე მიმართვიანობის გაზრდაა.

როგორც „იუნისეფში“ აღნიშნავენ, ექიმსა და პაციენტს შორის სწორ კომუნიკაციას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ პაციენტის განწყობაზე, არამედ სამედიცინო გამოსავალზეც. გაეროს ბავშვთა ფონდისა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის პირველი პარტნიორული პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სამედიცინო პერსონალის ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების განვითარება და შედეგად, საყოველთაო იმუნიზაციის მიმართვიანობის გაზრდაა.


პროექტის ფარგლებში 2000-მდე ექიმი მთელი საქართველოს მასშტაბით გაივლის ტრენინგს, რომლის მთავარი ფოკუსიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ძირითადი მომსახურებების გასაუმჯობესებლად ინტერპერსონალური კომუნიკაციის დახვეწაა. შეხვედრებს უძღვებიან პროფესორები ნინო კიკნაძე და გივი ჯავაშვილი, საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის გამგეობის წევრები და პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს ყველა რეგიონში.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, "საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს" თავმჯდომარის  გივი ჯავაშვილის განცხადებით, ექიმების მიმართ პაციენტების საჩივრების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ექიმების მხრიდან არასწორი კომუნიკაციაა. ჯავაშვილი ამბობს, რომ 

აუცილებელია, ექიმსა და პაციენტს შორის იყოს სწორი კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

„როდესაც ადამიანს აქვს არასწორი მოლოდინი, რას მიიღებს სამედიცინო დახმარების შედეგად, ხოლო მოლოდინი არ ემთხვევა გამოსავალს, ბუნებრივია, ამ დროს უკმაყოფილებაც ყალიბდება. ამიტომ ძირითადი საკითხია პაციენტისთვის კარგად განმარტება, რას და რატომ სთავაზობენ. თუ არ არსებობს ალიანსი და თანამშრომლობა ექიმსა და პაციენტს შორის, შედეგი ვერ იქნება კარგი,“ - განუცხადა ჯავაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ტრენინგების გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტში შესაბამისი, აკრედიტებული კურსიც შეიქმნა. სამომავლოდ იგეგმება ტრენინგებში სხვადასხვა პროფილის ექიმების ჩართვა.