ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

„დღეისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს 710 ათასს. ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღება განსაზღვრავს, ქულა რომ არ გაზრდილიყო, შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა 120 ათასი 185 ათასი ოჯახის ნაცვლად.


ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“,- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ფულადი შემწეობის და სხვადასხვა შეღავათის (კომუნალური გადასახადები, განათლება და ა.შ.) გარდა სოცდაუცველები საყოველთაო ჯანდაცვის საუკეთესო პაკეტით სარგებლობენ.