რეპროდუქციული სერვისის მიმწოდებელი კლინიკებისთვის დაგეგმილ რეგულაციებზე ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებულია, რაც, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორში სხვა უფრო აქტუალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევით იყოს გამოწვეული.

ამის შესახებ jandacva.ge-ს ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს  პარლამენტში აქტიურად განიხილებოდა პროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ლიცენზირებას, რეკლამის აკრძალვას, წესრიგდება კლინიკური საკითხები, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას.


სამინისტროს პოზიციაა, რომ აღნიშნული დარგის რეგულაცია აუცილებელია გარკვეული რისკების გამო. კერძოდ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. უწყებაში ამბობენ, რომ სერვისის შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.

პროექტის პირველადი ვარიანტი რეგულაციების 2025 წლის იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, შემდგომში კი ეს ვადა ერთი წლით შემცირდა და კანონი ძალაში 2024 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო. თუმცა განხილვები ამ ეტაპზე შეჩერებულია. 


ზვიად კორძაძე ამბობს, რომ განხილვების პროცესში განხილულ იქნა არაერთი შენიშვნა როგორც კლინიკების, ისე  კომიტეტების მხრიდან. 

„ძალიან ბევრი შენიშვნა დაგროვდა. რამდენადაც ვიცი, კლინიკებთან ახლაც მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. კლინიკები ჩვეულებივად აგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ მათ მაინც აქვთ კითხვის ნიშნები და ეს აისახება მათ საქმიანობაზე. რეგულაციების ამოქმედების შემთხვევისთვის მათ გარკვეული გეგმები აქვთ შემუშავებული. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული რეგულაციით იმ შედეგის მიღწევა, რა შიშებიც სამინისტროს აქვს და ამისთვის არაა საჭირო სრული აკრძალვა. უკვე ამოქმედდა რეესტრი, ჩვენც შევთავაზეთ რისკებისგან დაზღვევის გარკვეული მექანიზმები. მთავარია, გვისმენენ და ახლა უნდა მივიდეთ ისეთ ნიშნულამდე, სადაც რისკები დაზღვეულია და ბიზნესისთვისაც მისაღებია პირობები,“ - განაცხადა კორძაძემ.  


ზვიად კორძაძე დღეს ამბობს, რომ მისთვის უცნობია, როდის განახლდება საკომიტეტო განხილვები და ამაზე გადაწყვეტილება ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა უნდა მიიღოს. 

ასევე შეგახსენებთ, რომ ინვიტრო და სუროგაციის სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები მიმდინარე წლის იანვრიდან ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული გახდა, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.

jandacva.ge