ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ წუხელ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობისა და მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, დილიდან შეიმჩნევა საზოგადოების შეცდომაში შეცდომაში შეყვანის მცდელობები, 16-17 აპრილის ღამეს მიმდინარე მოვლენების შედეგად დაშავებულთა შესახებ, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ფაქტობრივი ინფორმაცია დაშავებული პირების თაობაზე. დაშავებულია 2 პოლიციელი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა დღეს დილით ბინაზე. 
თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 5 მოქალაქე. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო მომსახურება. ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გაეწერა ბინაზე. მეორე მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები თავის მიდამოში, დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა,  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მესამე მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებები და დაზიანებები სახის არეში, დადგენილია ტვინის შერყევა, ასევე მარცხენა ხელზე მიღებული აქვს მსუბუქი ტრავმა. მოტეხილობები არ აღენიშნება. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მეოთხე მოქალაქეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი, ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად, ასევე აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა ტერფზე. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად მიმდინარეობს პოსტოპერაციული მონიტორინგი. მეხუთე მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის მიდამოს დაზიანება, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, დადგინდა ტვინის შერყება. სხვა დაზიანებები და მოტეხილობები არ გამოვლენილა. შეთავაზებულ იქნა სტაციონარში მოთავსება და მკურნალობის გაგრძელება, თუმცა მან სტაციონარში მკურნალობაზე უარი განაცხადა და გაეწერა ბინაზე. 


ასევე, სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე არ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებულ მოქალაქეებს არ  ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის ექიმისადმი მიმართვის შესაძლებლობა. აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12  ბრიგადა, მათ ადგილზე მიმართა ათეულობით ადამიანმა, რომელთაც ძირითადად სჭირდებოდათ დახმარება წნევის მომატების, თავის ტკივილის ან მაღალი ემოციური ფონის გამო და თითოეულ მათგანს გაეწია შესაბამისი დახმარება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დაშავებულთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოეპოვება და ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წყარო ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს.