ზემო აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მდებარე ტურისტული ობიექტი ‘’ზებო“ მომხმარებლებს წლევანდელ სეზონზე აპითერაპიულ სერვისს შესთავაზებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე ზებურ ბოლქვაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, იგეგმება ფუტკრის პროდუქტების წარმოება სამკურნალო დანიშნულებით.
აპითერაპია არის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით ფუტკრის პროდუქტების გამოყენება. როგორც მეწარმე განმარტავს, ეს შეიძლება იყოს ფუტკრის შხამი, პროპოლისი, ფუტკრის რძე, ფუტკრის პური (ჭეო), ყვავილების მტვერი და სხვა, რაც ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროდ მიიჩნევა.
რაც შეეხება აპისახლის კონცეფციას, ეს არის ხის ეკო კოტეჯში განთავსებული ბადიანი სკა, საიდანაც ფუტკრების ჰაერით სუნთქვითი პროცედურა ტარდება.
სკაში თავმოყრილი ფუტკრის პროდუქტების ერთობლიობა სპეციფიკურ ,,არომატს” ქნის, რაც იმუნიტეტის ასამაღლებლად და სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა.
ბოლქვაძის განმარტებით, აპიტურიზმით საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ტურისტული სერვისია, რომელსაც სხვა ქვეყნებში კარგად იცნობენ, შესაბამისად, პოტენციური მომხმარებელი შეიძლება იყოს ყველა, ვინც დასვენებას ეკო ტურისტულ ობიექტებში ირჩევს.
ზებურ ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ გამარჯვებულთაგან, რომელმაც წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გამართულ გალა ღონისძიებაზე მან 2023 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გაიმარჯვა.
როგორც ‘’ზებოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მიღებულ ცოდნას სწორედ აპიტურიზმის განვითარებისთვის გამოიყენებს.
‘’წელს ვაპირებ სამკურნალო სერვისი დავამატო, რის შესაძლებლობას სწორედ აპითერაპია იძლევა. დღეს ეს სფერო ტრენდულია უამრავ ქვეყანაში. როგორც ტურისტული პროდუქტი, ბოლო წლებში გახდა პოპულარული, თუმცა ფუტკრით მკურნალობის ტრადიცია უამრავს წელს ითვლის. მას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ორგანიზმის გასაკაჟებლად, მაგრამ აქამდე რატომღაც ვერ განვითარდა ეს დარგი საქართველოში“, - აცხადებს ზებურ ბოლქვაძე.
მისი ინფორმაციით, 'ზებო" წლიურად 300 კილოგრამამდე თაფლს აწარმოებს, რომლის მომხმარებლები მთლიანად სასტუმროს დამსვენებლები არიან. აპისახლის მოწყობას მეწარმე სააგენტო ‘’აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით შეეცდება.
მისი გათვლით, თითო კოტეჯის საინვესტიციო ფასი 50 000 ლარის ფარგლებშია. საწყის ეტაპზე ‘’ზებოს“ დამფუძნებელი 4 კოტეჯის მოწყობას გეგმავს. თითო კოტეჯში 4 ადამიანზე იქნება გათვლილი.
ცნობისთვის: აპითერაპია ალტერნატიული მედიცინის სახეობად განიხილება.
სასტუმრო "ზებო“ აჭარაში, სოფელ გობრონეთში 2007 წელს დაფუძნდა.
bp.ge