სპორტული შეჯიბრებებისა და ჩემპიონატების პოპულარობის მიუხედავად, მსოფლიოს მოსახლეობაში ცხოვრების სპორტული წესი პოპულარობას კარგავს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანის სპორტში ჩართულობის დონე დაბალია. ჯანმოს მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ 5%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ. 

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 1,8 მილიარდი ადამიანი სპორტით იმაზე პასიურად იყო ჩართული, ვიდრე ეს სამედიცინო რეკომენდაციებითაა განსაზღვრული. ამ რეკომენდაციების მიხედვით, ზრდასრული ადამიანი კვირაში მინიმუმ 2,5 საათის განმავლობაში აქტიურად უნდა მოძრაობდეს, ან 75 წუთის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდეს.

ჯანმო შეშფოთებას გამოთქვამს იმით, რომ თუ პასიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, 2030 წლისთვის დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანების რიცხვი ამჟამინდელი 31%-დან 35%-მდე გაიზრდება. ორგანიზაციის მიზანი კი არის, რომ ამ პერიოდისთვის ცხოვრების პასიური წესის მქონე მოქალაქეების რიცხვი 15%-ით შემცირდეს. თუმცა ჯერჯერობით ტენდენცია საპირისპიროა და აქტიური წესით მცხოვრები ადამიანების რაოდენობა მთელს მსოფლიოში იკლებს.

იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც სპორტში ჩართული ადამიანების რიცხვი იზრდება, ფინეთია. 
ამ ჩამონათვალშია ასევე შვედეთი, დანია და საფრანგეთი. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და აზიას აქვს.

ჯანმო აცხადებს, რომ ფიზიკური აქტივობის არარსებობა არაინფექციური დაავადებებისგან გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. ადამიანებში, რომლებიც არასათანადოდ აქტიურები არიან, გარდაცვალების რისკები 20-30%-ითაა გაზრდილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ჯანსაღი წესით ცხოვრობენ.