ჰოსპიტალური სექტორი მიმდინარე თვის ბოლოსთვის, ანუ რამდენიმე დღეში, ელოდება ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გეგმებს DRG მეთოდოლოგიაში შესატანი ცვლილებების შესახებ.
ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რეანიმაციისა და კომბინირებული ტარიფების გარდა, სექტორი სამინისტროსგან ასევე ელოდება პოზიციას თანაგადახდის პრინციპის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კიკნაძე ამბობს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა შედგა და ახლა უკვე კლინიკები ელოდებიან, რომ უწყება მიაწვდის ინფორმაციას, რას აპირებს ამ მიმართულებით.
მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა, რომლის შესახებაც საჯაროდ გახდა ცნობილი, 12 ივნისს შედგა.
ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძირითად გამოწვევად დაფინანსების მეთოდოლოგიის - დიაგნოზთან შეჭიდული კოდების მიხედვით განსაზღვრული დაბალი ფასები რჩება, რომელიც წარმოშობს სხვა, თანმდევ პრობლემებს.
31 მაისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში DRG-ს დაფინანსების ცვლილების შესახებ გაჟღერდება.
„არის მიმართულებები, განსაკუთრებით რეანიმაციაა უპირველესი, სადაც ალბათ გადახედვას საჭიროებს დიარჯის განფასებები,“ - განაცხადა ლომინაძემ.
იმავე დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ DRG-ს საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას. ამასთან, მისივე თქმით, პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა შეხვედრები, სადაც განიხილეს DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები.
შეგახსენებთ, რომ კერძო ჰოსპიტალური სექტორის ნაწილი „დიარჯის“ ფარგლებში დაწესებული ტარიფებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური სერვისები ვეღარ ვითარდება. ტარიფების გადახედვასთან ერთად ისინი პაციენტის მხრიდან თანაგადახდის პრინციპის შემოღებასაც ითხოვენ, რათა პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავად აირჩიონ, რა მასალებით ჩაუტარდებათ ესა თუ ის ჩარევა. დღეს მოქმედი სისტემით, მოქალაქეებს, დამატებითი სერვისების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საყოველთაო ჯანდაცვას ერთჯერადად დატოვებენ და სასურველ სერვისებს მთლიანად თავად დააფინანსებენ.