დღეიდან, 1 ივლისიდან, ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაია ამოქმედდა, რომლის თანახმად აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება.

აფლატოქსინი არის  კანცეროგენი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ძისა და რძის პროდუქტების საშუალებით ხვდება და თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. რძეში კი თავის მხრივ, ცხოველის მიერ მოხმარებული დაბინძურებული საკვებიდან გადადის, სადაც ის არასათანადო პირობებში შენახვის შედეგად ჩნდება.

2022 წელს ამ ნივთიერების აღმოჩენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს კი - 14. სწორედ ამან დააყენა დღის წესრიგში რეგულაციების შემოღების აუცილებლობა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციების ამოქმედებამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის ყველა რეგიონში 20-მდე შეხვედრა ჩაატარა 200-ზე მეტ ბიზნესოპერატორთან. შეხვედრებზე მათ განემარტათ ის პირობები, რომელთა დაცვა ცხოველთა საკვების შენახვისა და ტრანსპორტირებისთვისაა აუცილებელი.


კერძოდ, მთავარი პირობაა, საკვები არ ინახებოდეს ტენიან გარემოში, დაცული უნდა იყოს ვენტილაცია, ასევე შენახვისა და ტრანსპორტირებისას საკვები მწერებისგან დავიცვათ, მის სიახლოვეს დასუფთავების სველი წესი 
არ გამოვიყენოთ და ა.შ.


რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კონიაშვილის შეფასებით, მოქალაქეები რომ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებისგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, დაავადების კონტროლის ის  მექანიზმები უნდა დაინერგოს,  რმლებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. მისი თქმით, უნდა არსებობდეს რეესტრი, სადაც აფლატოქსინით დაბინძურებული საკვების მწარმოებლების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული.

„უნდა არსებობდეს კონტროლის სისტემა, რომლის მიხედვითაც, ნიმუშები პერიოდულობით იგზავნება ლაბორატორიაში, შეიძლება იყოს ყოველ მეორე დღეს (გააჩნია ქვეყანას) და შეიძლება - თვეში ორჯერ. ინფორმაცია ყველა იმ დაავადების შესახებ, რომელიც აღმოჩნდება, აუცილებლად დაიდება იმ პორტალზე და იმ რეესტრში, რომელშიც ეს საქონელია რეგისტრირებული. რძის შემსყიდველს - გადამამუშავებელი იქნება თუ სხვა - წვდომა აქვს ამ პორტალზე და მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან აიღოს რძე და საიდან არ აიღოს. ეს სისტემა გააჩენს უფრო ჯანსაღ კონკურენციას, რადგან ფერმერი, რომელიც ვერ აწარმოებს სათანადო ხარისხის რძეს, მას ვეღარ გაყიდის,“ - აღნიშნა კონიაშვილმა. 


საქართველოში შემუშავებული სქემის მიხედვით, რეგულაციის აღმასრულებელი ორგანო  სურსათის ეროვნული სააგენტოა. მისი სპეციალისტები აიღებენ ცხოველის საკვების ნიმუშებს, გამოიკვლევენ მათ და აფლასტოქსინის ზღვრული ნორმის დარღვევის შემთხვევაში ამ პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალება.


კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმა იმოქმედებს, დარღვევის გამეორებაზე კი 5-ჯერ დიდი ჯარიმაა გათვალისწინებული.


სააგენტოს თანამშრომლები პირველი ნიმუშების ასაღებად რეგიონებში 1 ივლისიდან გავლენ. იგეგმება 80 ნიმუშის აღება, რომელთა შემოწმების შედეგები სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.


შემოწმებას დაექვემდებარებიან არა მხოლოდ ბიზნესოპერატორები, არამედ საოჯახო მეურნეობებიც, რადგან ისინიც აბარებენ რძეს სარეალიზაციოდ და, შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ამ პროდუქტის საშუალებით საშიში ტოქსინი ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს.