დღეიდან თბილისში საზაფხულო ბაგა-ბაღებმა დაიწყეს მუშაობა. იმ აღსაზრდელებს, რომლებმაც სპეციალური რეგისტრაცია გაიარეს, საშუალება აქვთ, ბაღებში კიდევ ერთი თვის, ივლისის განმავლობაში იარონ. ასეთი დედაქალაქში 50 საბავშვო ბაღია.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ თემას უკავშირდება, კონდიცირების სისტემაა. საზაფხულო ბაღების გახსნამდე მშობლების ნაწილი აცხადებდა, რომ ბაღების ნაწილში კონდიციონერები დაყენებული არ არის, რაც, მათი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

თბილისის ბაგა ბაღების ხელმძღვანელის კახა აბულაძის განცხადებით, ჯგუფებში კონდიციონერის დაყენება რეკომენდებული არ არის და ხდება ოთახების ბუნებრივი აერაცია.  ბაღების შიდა სივრცეში კი, მისივე თქმით, გაგრილების სისტემა მოწესრიგდა. კერძოდ, კონდიციონირები ბაღების დარბაზებსა და სხვა დასაშვებ სივრცეებში დაამატეს.

ექიმების შეფასებით,  იმ სივრცეებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს კონდიცირება საჭიროა, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ გაგრილების სისტემების გამოყენებისას გარკვეული პირობების დაცვაა აუცილებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში პედიატრი თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ზაფხულის ბაღებმა და სკოლებმა უნდა უზრუნველყონ ჰაერის სწორი კონდიცირება. ოთახში ჰაერის ტემპერატურა კი, მისი თქმით, 22-დან 24 გრადუსამდე უნდა იყოს, რათა ბავშვებმა არ მიიღონ სითბური დაკვრა, არ გამოშრნენ და არ განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეჰიდრატაცია.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მაღალ ტემპერატურას გარემოს ეროვნული სააგენტო კვირის მეორე ნახევარში პროგნოზირებს. კვირის ბოლოს, სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურამ დედაქალაქში, შესაძლოა 37 გრადუსს მიაღწიოს, ასეთივე ტემპერატურაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც.