იმისთვის, რომ ქალები ეკონომიკურად გაძლიერდნენ, პირველ რიგში, მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგის პროგრამები. 


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაცემა “ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. 


თემაზე ასევე ისაუბრა ირმა ზავრადაშვილმა. 


გაბუნიას თქმით, პრევენციის კარგი მაგალითია საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც არის ერთადერთი თავიდან აცილებადი სიმსივნე, რომლისგან დაცვაშიც ვაქცინა გვეხმარება. 

ის თანაბრად მნიშვნელოვანია ბიჭებისთვისაც და ქალებისთვისაც. ვაქცინას 90%-იანი ეფექტიანობა აქვს. გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, ქვეყანაში სიმსივნეების სკრინინგის არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. 
ირმა ზავრადაშვილის თქმით, პრობლემაა სკრინინგისადმი დაბალი მიმართვიანობა და საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა ამ პროგრამებთან დაკავშირებით. 

„ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი შეხვედრა. მიზნობრივი ჯგუფები იყვნენ არა მხოლოდ ქალები, არამედ შევედით უნივერსიტეტებში, სკოლების ზედა კლასებში, რომ ბავშვებში ჩაგვედო ის საფუძველი, რომ პრევენციული მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, დაბალი ინფორმირებულობაა. რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პრევენციულ მედიცინას - ამ მხრივ მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროების წინაშე დგანან ეს ადამიანები - როგორც ზრდასრული ქალები, ისე არასწრილწლოვბანი გოგონები,“ - განაცხადა ზავრადაშვილმა. მისი თქმით, ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ რაც უფრო სწრაფად აღმოაჩენენ კიბოს, ამით არა მხოლოდ მათი ოჯახების ხარჯები დაიზოგება, რადგან  ძვირადღირებული მკურნალობა არ დასჭირდებათ, არამედ მოკლე დროში გამოჯანმრთელდებიან და ცხოვრების ხარისხიც მაღალი იქნება.

ამასთან, ზავრადაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა მეთოდის შემუშავებაზე, რათა ქალებს სკრინინგის პროგრამებისადმი მიმართვის მოტივაცია გაეზარდოთ და ამ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს.