2023 წელს თურქეთის სახელმწიფომ მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით 178,3 მილიარდი ლირა დახარჯა, რაც დღევანდელი კურსით 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს.
ამ ეტაპზე, ქვეყანა თავის მოსახლეობას ჯამში 8834 პრეპარატს უფინანსებს, მათგან 900-მდე წამალი ონკოლოგიური მედიკამენტია.
სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მონაცემებით, მისი ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ამ ხარჯებში კი პირველ ადგილზე არის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები, რომლებზეც სახელმწიფომ 42 მილიარდ ლირამდე (1,4 მილიარდი დოლარი) თანხა დახარჯა.
2021 წელს წამლები 60 მილიარდი ლირით ფინანსდებოდა, 2022-ში 92 მილიარდით, წელს კი ამ მაჩვენებელმა 178 მილიარდ ლირას გადააჭარბა.