ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ე.წ. ფრინველის გრიპის სახეობით - H5N2-ით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
ეს ფაქტი მექსიკაში დაფიქსირდა. პაციენტი 59 წლის მამაკაცია, რომელსაც, ჯანმოს ინფორმაციით, ცხელება, ქოშინი და გულისრევა 17 აპრილს დაეწყო, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 24 აპრილს კი მამაკაცი გარდაიცვალა.
მექსიკის გრიპის ნაციონალურ ცენტრში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცი A გრიპის ქვეტიპით H5N2-ით იყო ინფიცირებული. მასთან კონტაქტში მყოფ 29 ადამიანს კი ეს ვირუსი არ დაუდასტურდა.
ამასთან, პრეს-სამსახურის ინფორმაციაში აღნიშუნლია, რომ გარდაცვლილს არ ჰქონია კონტაქტი შინაურ ფრინველთან, თუმცა ცხოვრობდა მეხიკოს სტატში, რომლის მეზობელ მიჩოაკანის შტატში 2024 წლის მარტში ფრინველის გრიპის აფეთქება მოხდა. დაინფიცირების ზუსტი წყაროს აღმოჩენის მიზნით კვლევები ახლაც გრძელდება.
ეს გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ფრინველებში გვხვდება და შესაძლოა ადამიანს გადაეცეს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ცხელება, ფილტვების დაზიანება და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. დაინფიცირება ხდება დავირუსებულ ცხოველთან ან დაბინძურებულ გარემოსთან პირდაპირი კონტაქტის გზით.
მექსიკაში მომხდარი შემთხვევა არის პირველი პრეცედენტი, როცა ადამიანი H5N2 ქვესახეობის გრიპით დაინფიცირდა. სხვა ქვეტიპის ვირუსებით დაავადების შემთხვევები უკვე არაერთხელ დადასტურებულა.
„კარგი ამბავია ის, რომ ამ შტამებიდან არცერთს არ გამოუვლენია ადამიანიდან ადამიანზე გადადების თვისება. თუმცა ბოლო შემთხვევა საგანგაშო სიგნალია და იმის შეხსენებაა, რომ გრიპის ვირუსებმა შესაძლოა ევოლუცია განიცადონ. ამიტომ აუცილებელია ვირუსებზე დაკვირვება როგორც ცხოველებს, ისე ადამიანებს შორის,“ - განაცხადა ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფის ეპიდემიოლოგმა ჯონ ბრაუნშტეინმა ABC News-თან საუბარში.
ფრინველის გრიპის მეოე ვარიანტი - H5N1, უკვე რამდენიმე კვირაა აშშ-ის ფერმებში, ძროხებში ვრცელდება. ადამიანებში კი ამ შტამით დაინფიცირების შემთხვევები იშვიათია, თუმცა, როგორც აღინიშნა, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა.