მსოფლიო მედიცინა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. CNN-ის ინფორმაციით, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს სწრაფი მოქმედების ეფექტი აქვს, ასევე არ გამოირჩევა რთული გვერდითი მოვლენებით და, შესაბამისად, ქალებს აძლევს საშუალებას, თავი დააღწიონ შვილის გაჩენის შემდგომ დეპრესიას, რაც გარშემომყოფებისა და მათ შორის შვილებისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და დეპრესიისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებში ვლინდება.

ამერიკულ მედიასაშუალებას მოჰყავს 30 წლის ქალის მაგალითი, რომელიც აღწერს, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ არ სურდა სახლიდან გასვლა, შხაპის მიღების მოტივაციაც კი არ ჰქონდა, მუდმივად დაღლილი იყო, ვერ იძინებდა.

„იყო მომენტები, როცა ჩემი შვილები ყვიროდნენ, მე კი მათ მისაღებ ოთახში ვტოვებდი, შევდიოდი ჩემ ოთახში, ვკეტავდი კარს და ბალიშში ვყვიროდი,“ - იხსენებს  საჰა მაკმაჰონი, რომელიც, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების შემდეგ გამოცდის ეტაპზე მყოფი პრეპარატის კვლევებში ჩაერთო. 
წამლის მიღებიდან მალევე, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

„ამან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე, ჩემი ქორწინება, ამან ჩემი შვილები გადაარჩინა“, - აცხადებს ის დღეს.
რაც შეეხება საკვლევ პრეპარატს, ზურალონოლს, ის პაციენტმა აბების სახით ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. ამერიკის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველო უკვე განიხილავს წამლის დამტკიცებას.

კვლევების მესამე ფაზის შედეგები ამერიკულ ფსიქიატრიულ ჟურნალში გამოქვეყნდა. მძიმე პოსტსამშობიარო დეპრესიის მქონე 200-მდე ქალზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მედიკამენტის ორკვირიანმა მიღებამ მათი დეპრესიული სიმპტომები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობის არსებული მეთოდები გულისხმობს სტანდარტული ანტიდეპრესანტების გამოყენებას, თუმცა ამ დანიშნულების მისაცემად ექიმს შესაძლოა 12 კვირა დასჭირდეს. კიდევ ერთი საშუალებაა Zulresso, ამერიკის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული პირველი მიზნობრივი პრეპარატი, რომელიც ვენაში კეთდება და პაციენტებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში უკეთებენ. ახალი პრეპარატის მიღება კი სახლის პირობებში, აბების სახით იქნება შესაძლებელი. მკურნალობის კურსი კი 14-დღიანია.

კლინიკური კვლევების მიზანია, დადგინდეს, რამდენად გრძელვადიანია მისი ეფექტი, მათ შორის - მეძუძური დედების შემთხვევაში.
 
მშობიარობის შემდგომი დეპრესია უმეტესად ბავშვის დაბადებიდან ოთხიოდე კვირაში იჩენს თავს, იშვიათად – მშობიარობისთანავე, ზოგჯერ კი – რამდენიმე თვის შემდეგ.