მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტია. 


იუტას უნივერსიტეტის ინფორმაციით, პირველ კვარტალში შეერთებულ შტატებში მედიკამენტების დეფიციტმა 10-წლიან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

ამასთან, ევროკავშირის ფარმაცევტულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ევროპაში წამლების დეფიციტი ფარმაცევტებისა და ექიმების შეშფოთებას იწვევს.

Associated Press-თან საუბარში ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ დეფიციტის ზოგიერთი მიზეზი ამ დრომდე არაა აღმოფხვრილი. 


იუტას უნივერსიტეტის აფთიაქის დირექტორის მოადგილის ერინ ფოქსის თქმით, აშშ-ის მარეგულირებლებმა პანდემიის დროს ფარმაცევტული ქარხნების გარკვეული შემოწმებები შეაჩერეს, შედეგად კი ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც დროს მოითხოვს, ახლა ფიქსირდება. 

ფოქსის თქმით, დეფიციტი ძირითადად ჯენერიკებს, საინექციო წამლებსა და ძველ მედიკამენტებს ეხება. 
მანამდე ექსპერტები Euronews-თან საუბარში აცხადებდნენ, რომ ფარმაცევტული კომპანიებისთვის არადაპატენტებული წამლების გაყიდვა დაბალ მოგებასთანაა დაკავშირებული და ამის გამო ამ მედიკამენტების მარაგები არ აქვთ.

ფოქსის თქმით, ასეთ ვითარებაში მკურნალობა ფერხდება ან მაგალითად, პაციენტს აბის მაგივრად კაფსულის მიღება უწევს. 

მისივე განცხადებით, შტატებში იყო გარკვეული მოსმენები შექმნილი დეფიციტის გამო და პოლიტიკოსები ამ თემის მიმართ უკვე ყურადღებას იჩენენ.

გასული წლის ოქტომბერში ევროკომისიამ მედიკამენტების დეფიციტთან ბრძოლის მიზნით, კომპლექსური ზომების მიღება დააანონსა. 

ზომები გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საჭიროების შემთხვევაში, წამლების ნებაყოფლობით გადანაწილებას, ასევე კრიტიკული მედიკამენტების ალიანსის შექმნას პრობლემის გამოვლენისა და დეფიციტზე ეფექტიანი რეაგირებისთვის.