ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის შედეგების კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალებში, რომლებმაც ვაქცინაცია 14 წლამდე ასაკში ჩაიტარეს, საშვილოსნოს ყელი კიბოს შემთხვევები ნულის ტოლია.

ახალი ისტორიული კვლევის თანახმად, რომელიც შოტლანდიაში ჩატარდა, ქვეყანაში საშვილოსნოს კიბოს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა იმ ქალებში, რომლებიც 1988 წლიდან 1996 წლამდე პერიოდში დაიბადნენ და რომლებსაც პაპილომავირუსის აცრა 12-დან 13 წლამდე ასაკში ჩაიტარეს.

მკვლევარებმა ამ პერიოდში დაბადებული ყველა ქალის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. ასეთი ქალების რაოდენობა კი ქვეყანაში 450 ათასია. მათ შორის 40 ათასი აცრილი იყო 12-დან 13 წლამდე ასაკში, 124 ათასმა კი ვაქცინა 14 წლის ასაკში ან მოგვიანებით გაიკეთა. დანარჩენი, დაახლოებით 300 ათასი ქალი საერთოდ არ ყოფილა აცრილი. 
კვლევამ აჩვენა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა14 წლის ასაკამდე აცრილებს შორის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ პროტოკოლით გათვალისწინებული არა სამი, არამედ მხოლოდ ერთი ან ორი დოზა ვაქცინა ჰქონდათ მიღებული.

ასევე დადგინდა, რომ ვაქცინაციამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო 14-დან 22 წლამდე აცრილებს შორის, ვისაც სამი დოზა ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. თუმცა ამ ჯგუფში საშვილოსნოს ყელის კიბოს ფაქტები მაინც დაფიქსირდა - 3,2 შემთხვევა 100 ათას ქალზე, რაც 2,5-ჯერ ნაკლებია არავაქცინირებული ქალების ჯგუფთან შედარებით (8,4 შემთხვევა 100 000 ქალზე).

შეგახსენებთ, რომ პაპილომავირუსის აცრა საქართველოში, 10 წლიდან კეთდება და ის სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებს სრულად უფინანსდებათ.