ონლაინ აფთიაქი Pharmaco • ფარმაკო, რომელიც ბაზარზე სამი თვის წინ გამოჩნდა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მიღებული გრანტით - 150 ათასი ლარით განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
კერძოდ, როგორც ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ Pharmaco
-ს ერთერთმა დამფუძნებელმა ანი ჯანგირაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა მოხმარდება დეველოპმენტს, მარკეტინგს და საპროცესო ხარჯებს.
ჯანგირაშვილის განმარტებით, აპლიკაცია წარმოადგენს შუამავალს მომწოდებელსა და პაციენტს შორის. კერძოდ, პაციენტი მისთვის სასურველ მედიკამენტს უკვეთავს ონლაინ, და დაახლოებით 3 კვირაში წამალს ბინაზე იღებს. ამასთან, მედიკამენტის მიღება ხდება ბაზარზე არსებულ ფასზე 50%-ით იაფად, რამდენადაც კომპანიას, კონკურენტებისგან განსხვავებით, არ აქვს მარაგები და საწყობები და ასევე საჭიროებს ადამიანური რესურსების მცირე რაოდენობას. შესაბამისად, ამ ხარჯებისგან ის თავისუფალია.
ანი ჯანგირაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათ საიტზე განთავსებულია 15 ათასამდე მედიკამენტი, თუმცა მიმდინარეობს სხვა პრეპარატების მოძიებაც, რათა მომხმარებელს შეეძლოს მისთვის სასურველი ნებისმიერი წამლის ონლაინ შეძენა. აქედან გამომდინარე, ონლაინ-აფთიაქი ორიენტირებულია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, მათ შორის დეფიციტურ მედიკამენტებზე.
„მეც და სტარტაპის მეორე დამფუძნებელი, თეა რობაქიძე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვართ, შესაბამისად, ძალიან აქტიური შეხება გვქონდა როგორც პაციენტებთან, ასევე მათ პრობლემებთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სოციალური პროექტი, რომელიც მათ დაეხმარებოდათ, როგორც მომსახურების მხრივ უზრუნველყოფაში, ასევე ფასის მხრივ, რადგან გაცილებით დაბალ ფასში შეძლებდნენ მედიკამენტის შეძენას. მომწოდებლები გახლავთ საერთაშორისო, შესაბამისად, პაციენტი სახლიდან გაუსვლელად იძენს მედიკამენტს და ასევე სახლიდან გაუსვლელად იღებს მედიკამენტს,“ - განმარტავს ანი ჯანგირაშვილი.
უახლოეს მომავალში აპლიკაციას დაემატება ყველაზე მოთხოვნადი თავის მოვლის საშუალებები რომლებიც ადგილზე საკმაოდ ძვირი ღირს, ფარმაკოს საშუალებით კი მომხმარებელს შეეძლება, ისინი ბევრად ნაკლებ ფასად გამოიწერონ.
სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.pharmaco.ge, დარეგისტრირდეს, შეიყვანოს პირადი მონაცემები და შემდეგ შეუძლია სასურველი მედიკამენტი კალათაში მოათავსოს და გამოიწეროს.