კომპანიების ნაწილი, რომელთა მიერ ფასების მკვეთრად ზრდის საქმეზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მათთვის მოკვლევის დაწყების მიზეზები გაურკვეველია. ის, რომ სააგენტომ საქმის შესწავლა დაიწყო, ნიშნავს, რომ კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის ეჭვების საფუძველი არსებობს, რასაც დასახელებული კომპანიები არ ეთანხმებიან.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში „ბარდის“ წარმომადგენელი მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ ელოდებიან კონკურენციის სააგენტოს მიმართვას და იმედოვნებს, რომ მოკვლევა შეწყდება, რადგან, როგორც გედევანიშვილი ამბობს, ის ფასი, რა ფასადაც მედიკამენტს ყიდდნენ, 5-ჯერ უფრო იაფი იყო, ვიდრე საბაზრო ღირებულება.

„კონცეპტ ფარმას“ დირექტორი ლაშა კვარაცხელია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ელოდებიან, როცა მათ ოფიციალურად მიმართავენ. 

„ჯერ ვერ გავერკვიეთ ბოლომდე, რა მუხლებია, ოფიციალურად მოგვმართავენ და ჩვენც გავცემთ შესაბამის პასუხს,“- აღნიშნა კვარაცხელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათი ეჭვების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ რამდენიმე მედიკამენტზე, იმპორტის ფასიდან საცალო რეალიზაციამდე ძალიან მაღალი ფასნამატები დაფიქსირდა.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოკვლევის შესახებ შესაბამისი ბრძანება დაეგზავნა ყველა იმპორტიორ კომპანიას, მოხდება მათთან კომუნიკაცია, რომ მათგან ახსნა-განმარტებები მოისმინონ ამ ფაქტებთან დაკავშირებით და თუ 8-დან რომელიმეს დაუდგინდება კონკურენციის კანონის დარღვევა, დაეკისრება საჯარიმო სანქციები წლიური ფინანსური ბრუნვის 5%-მდე მოცულობით.

 შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.
თემა ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეკემბერში გასაჯაროებულ საქმეს, როცა უწყებამ განაცხადა, რომ კომპანიები 20 მედიკამენტს მაღალი - 300%-დან 3000%-მდე ფასნამატით ყიდდნენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, მედიკამენტებზე, რომლებზეც სამინისტროს განცხადებაში იყო საუბარი, რეფერენტული ფასები დადგინდა, თუმცა მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს საქმის შესწავლის თხოვნით მიმართა. რამდენიმე დღის წინ სააგენტომ საბოლოოდ დაადგინა, რომ მოკვლევის დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს და პროცესი დაიწყო.

საუბარია შემდეგ კომპანიებსა და მედიკამენტებზე:
1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები -  ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა,  მედიკამენტი  - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალ ნეო  (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;
5. იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“,  მედიკამენტი - ზინასენი N60;
6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;
7. იმპორტიორი შპს „გეა“,  მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.