ონლაინ აფთიაქმა Pharmaco-მ საქმიანობის სფერო გააფართოვა და მომხმარებლებს, მედიკამენტებთან ერთად, თავის მოვლის საშუალებების შეკვეთასაც სთავაზობს.


შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ აღნიშნული პროდუქციის 70% უფრო ნაკლებ ფასად მიღებას იმ ფასებთან შედარებით, რომლებიც საქართველოს საცალო ბაზარზეა წარმოდგენილი. 


ესენია: Bioderma, Aderma, Avene, Uriage, Klorane, Cerva, Curasept, LRP, Mustela, Weleda.


„ფარმაკო“ ბაზარზე სამი თვის წინ გამოჩნდა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 150 ათასი ლარის გრანტიც მიიღო.

აპლიკაცია წარმოადგენს შუამავალს მომწოდებელსა და პაციენტს შორის. კერძოდ, პაციენტი მისთვის სასურველ მედიკამენტს უკვეთავს ონლაინ, და დაახლოებით 3 კვირაში წამალს ბინაზე იღებს. ამასთან, მედიკამენტის მიღება ხდება ბაზარზე არსებულ ფასზე 50%-ით იაფად, რამდენადაც კომპანიას, კონკურენტებისგან განსხვავებით, არ აქვს მარაგები და საწყობები და ასევე საჭიროებს ადამიანური რესურსების მცირე რაოდენობას. შესაბამისად, ამ ხარჯებისგან ის თავისუფალია.

ამ ეტაპზე საიტზე განთავსებულია 15 ათასამდე მედიკამენტი, თუმცა მიმდინარეობს სხვა პრეპარატების მოძიებაც, რათა მომხმარებელს შეეძლოს მისთვის სასურველი ნებისმიერი წამლის ონლაინ შეძენა. აქედან გამომდინარე, ონლაინ-აფთიაქი ორიენტირებულია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, მათ შორის დეფიციტურ მედიკამენტებზე.

რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, საუბარია ბრენდებზე, რომელთა პროდუქციაც  ადგილზე საკმაოდ ძვირი ღირს, ფარმაკოს საშუალებით კი მომხმარებელს შეეძლება, ისინი ბევრად ნაკლებ ფასად გამოიწერონ.
სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.pharmaco.ge, დარეგისტრირდეს, შეიყვანოს პირადი მონაცემები და შემდეგ შეუძლია სასურველი მედიკამენტი კალათაში მოათავსოს და გამოიწეროს.