ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაფართოების შედეგებზე ექიმები საუბრობენ, რომლებიც პაციენტებს ყოველდღიურად ათობით დანიშნულებას უწერენ. მათი თქმით, ხშირი იყო შემთხვევები, როცა პაციენტებს წლიური ლიმიტი წლის გასვლამდე ეწურებოდათ, ამიტომ აუცილებელი მედიკამენტებისთვის თანხების მოძიება თავად უწევდათ. ახლა კი ეს პრობლემა მოეხსნებათ.  


ისინი აფთიაქებში თითო ჯერზე პრეპარატების 3 თვის საჭირო ოდენობას მიიღებენ.

ოჯახის ექიმი ეკა გიგაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებს, რომ პროგრამის გაფართოების შედეგად პაციენტებს ფინანსური ტვირთი მოეხსნათ. 


„გლაუკომის მედიკამენტები ძვირადღირებულია და პაციენტებისთვის ეს ტვირთი ძალიან დიდია, მაგრამ მათთვის ამ წამლების მიღება აუცილებელია. მათ ის რეგულარულად უნდა მიიღონ. ახლა კი ფიქრი აღარ ექნებათ, როგორ შეიძინონ მედიკამენტი,“ - განაცხადა გიგაშვილმა.


შეგახსენებთ: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას გლაუკომის პრეპარატები დაემატა, რომლებსაც სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად დაუფინანსებს. ამასთან, მიმდინარე წლიდან შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ.