ერთ-ერთი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების მონაცემებით, დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც.

ამ შემთხვევას უკავშირდება კიდევ ერთი საეჭვო გარემოება - ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში, აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე, ექიმს ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა.

აღნიშნული და სხვა საკითხები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს, რომელიც ახალი შემადგენლობით შეიკრიბა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრმა უხელმძღვანელა. 


განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 9 საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, 8 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.