ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობიარო დაწესებულებებისთვის რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება ერთდროულად მიიღო. მათგან მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფის გაზრდა და გათანაბრება უკვე ძალაშია შესული. ახალი წესით, მშობიარეს უფინანსდება როგორც გაუტკივარება, ისე - სასურველი ექიმის აყვანა. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენების გარეშე სურს საკეისრო კვეთით შვილის გაჩენა ან ვიპ-პალატით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთჯერადად უნდა დატოვოს და ყველა ხარჯი თავად დაფაროს.

ამასთან, საკეისრო კვეთების შემცირების მიზნით კიდევ ერთი რეგულაციაა მიღებული, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 იანვრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს ეკრძალებათ საკეისრო კვეთების დადგენილი პროცენტული ზღვრის გადაჭარბება. 


კერძოდ, საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველი დონის კლინიკა) 24%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

II და II-III დონის დაწესებულებებში, სადაც რთულ მშობიარობებს იღებენ, ეს ზღვარი 40%-ია, მესამე დონის კლინიკებში კი (რომელმაც საჭიროების შემთხვევაში ჩვილის ან მშობლისთვის რთული ოპერაციის ჩატარება შეუძლია) − 45%. 


დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის თანახმად,  აბორტის გაკეთებამდე 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა.  ამასთან, აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში. მანამდე სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ამ პროცესში მონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული.


დავით კობეშავიძე ცვლილებების ამ პაკეტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მისივე თქმით, კლინიკას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება ორი ფსიქოლოგის აყვანის მიზნით, რომელთა ფუნქციებში ასევე შევა ფიზიოლოგიური მშობიარობის შიშის მქონე  ორსულებთან მუშაობა, რათა მათ ეს ფობია დაძლიონ და საკეისრო კვეთაზე უარი თქვან. ახალი კადრების თანხების გადახდას თავის თავზე კლინიკა აიღებს.

დავით კობეშავიძე ამბობს, რომ მის კლინიკაში მშობიარის მოთხოვნით საკეისრო კვეთები არ ჩატარდება. რეგულაციების პაკეტის შეფასებისას კი აღნიშნავს, რომ ესაა ევროპული მიდგომა და ისინი სრულიად გამართლებულია.

„ევროპაში დაბრუნება გვინდა არაევროპული სამედიცინო მენეჯმენტით და აზროვნებით? ეს გამორიცხულია. ჯანდაცვის სამინისტრომ სწორედ ეს დაინახა, რომ ქვეყანას, რომელიც მიდის ევროპისკენ და აქვს აბსოლუტურად ობიექტური პრეტენზია, იყოს ევროპის სრულყოფილი წევრი და ლიდერიც კი, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება უნდა ჰქონდეს,.“ - განაცხადა დავით კობეშავიძემ.