ალადაშვილის კლინიკა გაფართოებას გეგმავს. კლინიკის ფინანსური ანგარიშგების თანახმად,  2021 წლის აპრილში დაიწყო დაწესებულების შენობაზე მეოთხე სართულის დაშენება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის მარტის თვეში. ინვესტიციის ღირებულება 5 500 000 ლარამდეა.

შედეგად, დამატებით შეიქმნა 1500 მ2 ფართი და აღნიშნულ ფართში განთავსდება 4 ახალი საოპერაციო, მათ შორის ერთი ჰიბრიდული ტიპის საოპერაციო და შეიქმნება 50 ახალი საწოლი. მიმართულებები, რომლებიც განლაგდება ახალ ფართში არის შემდეგი: ანგიოქირურგია/ანგიოინვაზია, ნეიროქირურგია/ნეიროინვაზია, კარდიოქირურგია.


კლინიკის წმინდა მოგებამ 2022 წელს მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 380 ათასი ლარით მეტია.

2022 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პაციენტების წილი სრული სამედიცინო შემოსავლიდან 72% შეადგენდა.